ვიერი:
Aa
Aa

ვიერი: "რატომღაც მგონია, რომ იტალია ევროპის ჩემპიონატს მოიგებს"

კრისტიან ვიერის სჯერა, რომ მისი ქვეყნის ნაკრებს "ევრო 2020"-ზე წარმატებით თამაში და ტიტულის მოგება შეუძლია. ლეგენდარული თავდამსხმელი Gazzetta dello Sport-ს ესაუბრა და იტალიის ნაკრების გარშემო შექმნილი ვითარება შეაფასა.

"რობერტო მანჩინის უკვე მივწერე და ვუთხარი, რომ ჩვენს ნაკრებზე უფრო ძლიერი შემადგენლობა მხოლოდ საფრანგეთს ჰყავს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატს მოვიგებთ.

ბოლო 18 თვის განმავლობაში მანჩინიმ გუნდში ისეთი სამუშაო ჩაატარა, როგორიც იქამდე არავის გაუკეთებია. ჩვენ ახალგაზრდა, ხარისხიანი და გაბედული ნაკრები გვყავს. ვფიქრობ, ტიფოზებს აძური თავიდან უნდა შეუყვარდეთ". 

46 წლის ვიერიმ ასევე აღნიშნა, რომ "ევრო 2020"-ზე ნაკრების მატჩების გაცდენას არ აპირებს და საამისოდ რობერტო მანჩინის ბილეთებიც სთხოვა.

"ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების არც ერთი მატჩის გაცდენა არ მსურს. მანჩინის უკვე ვუთხარი, რომ თამაშზე 2-3 ბილეთი აუცილებლად მომცეს. 

იმასაც გეტყვით, რომ სამწვრთნელო შტაბში ჩემი კერპები მუშაობენ. ისეთი პიროვნებები, როგორებიც ჯანლუკა ვიალი, ლელე ორიალი ან ჯიჯი რივა არიან, ფეხბურთელებზე ფუნდამენტალურ გავლენას ახდენენ. მათი ერთი სიტყვა და შენ თავს უკვე მშვიდად გრძნობ". - აცხადებს ვიერი.

იტალიის ნაკრები "ევრო 2020"-ის ჯგუფში თურქეთის, უელსისა და შვეიცარიის ნაკრებთა წინააღმდეგ ითამაშებს. "სკუადრა აძურას" ევროპირველობა ერთხელ - 1968 წელს აქვს მოგებული.

"ბობო" ნაკრების მაისურით 1997-2005 წლებში თამაშობდა და ჩატარებულ 49 მატჩში 23 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები