Aa
Aa

ზედიზედ მესამედ - შარაპოვა დიდი სლემის ტურნირს პირველ წრეში ეთიშება

მოქმედმა ჩემპიონმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობის წლევანდელი გათამაშება 4-სეტიანი გამარჯვებით დაიწყო.

სერბმა ვარსკვლავმა გერმანელ იან-ლენარ შტრუფთან მე-3 სეტი დათმო, დანარჩენ პარტიებში კი მეტოქეზე უკეთესი იყო და შემდეგი წრის საგზური მოიპოვა - 7:6; 6:2; 2:6; 6:1. ჯოკოვიჩის შემდეგი მოწინააღმდეგე იაპონელი ტაცუმა იტო იქნება.

მარტივად გაიარა პირველი წრე რაფა ნადალმა, რომელმაც ბოლივიელ უგო დელიენს მხოლლოდ 5 გეიმი დაუთმო და 6:2; 6:3; 6:0 გაანადგურა. დელიენი პირველ ორ სეტში გათამაშებებში კარგად გამოიყურებოდა, თუმცა მესამე პარტიაში ნადალი კორტზე უკვე ყველაფერს აკონტროლებდა.

ნადალი შემდეგ რაუნდში ფედერიკო დელ ბონისსა და ჟოაო სოუზას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

იოლი გამარჯვებები იზეიმეს მარინ ჩილიჩმა, რობერტო ბაუტისტა-აგუტმა, დომინიკ ტიმმა და დიეგო შვარცმანმა, დღის მთავარი გმირი კი ფაბიო ფონინი გამოდგა, რომელმაც ამერიკელ გიგანტ რეილი ოპელკას 0:2-დან მოუგო. იტალიელმა ბოლო პარტია სუპერტაიბრეიკზე აიღო, რომელიც 10:5-ით დაასრულა.

ქალთა რეიტინგის პირველმა ნომერმა, ეშლი ბარტიმ, უკრაინელ ლესია ცურენკოს 3 სეტში - 5:7; 6:1; 6:1 აჯობა და შემდეგ წრეში სლოვენიელ პოლონა ჰერცოგზე გავიდა.

თავიანთი მატჩების მოგება არ გასჭირვებიათ კაროლინა პლიშკოვასა და მედისონ კიზს, ჩეხმა კრისტინა მლადენოვიჩს აჯობა, კიზმა კი რუს დარია კასატკინას მოუგო.

ტურნირს პირველსავე რაუნდში გამოეთიშა მარია შარაპოვა. რუსმა ვარსკვლავმა ხორვატ დონა ვეკიჩს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 3:6; 4:6 დამარცხდა. შარაპოვამ წინა წელს ავსტრალიაში 1/8 ფინალში ითამაშა, ამიტომ, წლევანდელი მარცხისთვის, რეიტინგში 230 ქულა დააკლდება. ზედიზედ მე-3 დიდი სლემის ტურნირია, როცა 32 წლის რუსი პირველსავე წრეში მარცხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები