Aa
Aa

"ვეღარ ვსუნთქავდი, ძალიან შემეშინდა" - ჰაერის დაბინძურების გამო ჩოგბურთელი შეუძლოდ გახდა

ავსტრალიის ღია პირველობის წლევანდელი გათამაშება ჩაშლის ზღვარზეა. გუშინ გამართული საკვალიფიკაციო ეტაპის ერთ-ერთი მატჩისას, სლოვენიელ დალილა იაკუპოვიჩს, ჰაერის დაბინძურების გამო, სუნთქვის პრობლემები შეექმნა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.

„ასთმა ან სუნთქვის პრობლემები არასდროს მქონია. ეს ნამდვილი საშინელება იყო, ვერ ვსუნთქავდი და არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, რამაც ძალიან შემაშინა. მატჩის გაგრძელებაზე წამითაც არ მიფიქრია, რადგან, მომენტალურად, პრიორიტეტი ჯანმრთელობა გახდა.

აქამდე ჩოგბურთი ისეთ ქალაქებში გვითამაშია, სადაც ჰაერის დაბინძურების ხარისხი ამაზე გაცილებით მაღალია, თუმცა ეს კვამლი რაღაც განსხვავებულია. მოსახლეობას ვურჩევ, სახლში დარჩეს“.

იაკუპოვიჩი შვეიცარიელ სტეფანი ფოგელს სეტებში ამარცხებდა და მატჩის წარმატებით დასრულებასთან ახლოს იყო, თუმცა შეხვედრის შეწყვეტა მოუწია და წაგება ჩაეთვალა.

ჰაერის დაბინძურების გამო, რამდენიმე სავარჯიშო სესია გააუქმეს რაფაელ ნადალმა და დავიდ გოფენმა. Aus Open-ის ორგანიზატორები ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს აგრძელებენ, თუმცა რამდენჯერმე შეხვედრები შეწყდა და ისევ განახლდა. ჯერჯერობით უცნობია, სადამდე მივა არსებული ვითარება. ჩოგბურთელთა დიდი ნაწილი, მათ შორის ვარსკვლავები, მიანიშნებენ, რომ ასეთ გარემოში თამაში პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები