ესპანეთის სუპერ თასი:
Aa
Aa

ესპანეთის სუპერ თასი: "რეალმა" "ატლეტიკო" პენალტების სერიაში დაამარცხა! (VIDEO)

ესპანეთის სუპერ თასის ფინალში მადრიდული დერბი შედგა - „რეალი“ „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდა, 120 წუთი 0-0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ზიდანის გუნდმა 4:1 იმარჯვა.

შეხვედრის 90 წუთი მძიმე ბრძოლაში წარიმართა და გუნდებს ბევრი საგოლე მომენტი არ შეუქმნიათ. იყო ეპიზოდები სადაც ფეხბურთელებს გატანა მართებდათ, მაგრამ ეს არ იყო იმ კალიბრის მომენტები, როგორებიც ნახევარფინალში „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოს“ შეხვედრაში იყო.

„რეალი“ მთლიანობაში უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ზიზუს გუნდმა ძირითად დროში საქმე გოლამდე ვერ მიიყვანა. ეს მატჩი ძალიან გავდა 2016 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალს, სადაც „ბლანკოსმა“ „როხიბლანკოს“ პენალტების სერიაში სძლია, 120 წუთი კი სრულიად თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა.

ზიდანი პირველ ნომრად თამაშობდა, სიმეონე კი კონტრშეტევაზე - ახალი არაფერი გვინახავს.

საბოლოოდ დაინიშნა დამატებითი დრო, რომლის პირველი ნახევარი ასევე 0:0 დასრულდა. უნდა აღვნიშნოთ, რომ აქ უკვე უპირატესობა „რეალს“ ჰქონდა. ისინი მომენტებს ქმნიდნენ, მაგრამ ყველა დარტყმული ძირითადად კარის შუაში მიდიოდა, რომელიც ობლაკის მარტივი ნადავლი ხდებოდა.

ზიდანმა გუნდი 4-5-1-დან 4-3-3-ზე გადააწყო, სიმეონე კი 4-4-2-დან 4-3-2-1-ზე გადავიდა.

115-ე წუთზე „ტლეტიკომ“ „რეალი“ კონტრშეტევაზე დაიჭირა, კარვახალმა უხეში შეცდომა დაუშვა, მორატა ერთი-ერთზე დარჩა, საჯარიმოს ხაზთან კი ფედე ვალვერდემ თავი გაწირა და წითელი ბარათი მიიღო.

რომ არა ურუგვაელის ფეხებში უკნიდან ვარდნა, მორატას შესაძლოა გაეტანა.

საბოლოოდ გამარჯვებულის ვინაობა პენალტების სერიამ გამოავლინა, სადაც უკეთესი „რეალი“ იყო.

„როხიბლანკოს“ მხრიდან საწყისი ორი დარტყმა საულმა და ტომასმა გააცუდეს, რაც გადამწყვეტი ფაქტორი იყო.

„სამეფო კლუბმა“ 4:1 მოიგო და ახალი ფორმატით ჩატარებული პირველი სუპერ თასის მფლობელი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები