ისტორიული გამარჯვება წყვილებში და მაინც მარცხი იაპონიასთან
Aa
Aa

ისტორიული გამარჯვება წყვილებში და მაინც მარცხი იაპონიასთან

საქართველოს ჩოგბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრალიაში მიმდინარე ATP CUP-ზე მეორე ტურის შეხვედრაც წააგო. ჩვენი გუნდი ამჯერად იაპონიასთან დამარცხდა.

დღის პირველი მატჩი სანდრო მეტრეველსა და გო სოედას შორის გაიმართა, რომელშიც, მოულოდნელად, ქართველმა პირველი სეტი მოიგო, თუმცა გამოცდილმა აზიელმა თამაშში გარდატეხა შეიტანა და საბოლოოდ 3 სეტში იმარჯვა - 4:6; 6:3; 6:2.

კიდევ უფრო მოულოდნელი სცენარით წარიმართა ერთეულთა მეორე შეხვედრა, რომელშიც ჩვენი ნაკრების ლიდერი, ნიკა ბასილაშვილი, იაპონელთა ნომერ მეორე ჩოგბურთელ იოშიტო ნიშიოკას უპირისპირდებოდა.

მსოფლიოს 73-ე ჩოგანმა თამაში შესანიშნავად ჩაატარა და ბასილაშვილს 6:2; 6:3 მოუგო. ნიკას მეორე სეტში არაერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, თუმცა შანსები ვერ გამოიყენა და ნაკრებმაც საქმე გადამწყვეტ მატჩამდე ვერ მიიყვანა.

შესაბამისად, წვილთა შეხვედრამ აზრი დაკარგა, მაგრამ მაინც სასიხარულოა, რომ ალექსანდრე ბაკშისა და ზურაბ ტყემალაძის დუეტმა იაპონელთა საკმაოდ ძლიერ წყვილს, მაკლაჰანისა და მაცუის შემადგენლობით, დამაჯერებლად - 6:2; 6:4 აჯობა. მაკლაჰანი წყვილთა ჩოგბურთში ცნობილი მოთამაშეა და მაღალი დონის ტურნირებზე რეგულარულად ასპარეზობს.

საქართველოს ნაკრებისთვის ATP CUP-ზე ისტორიაში პირველი გამარჯვება სწორედ ბაკშიმ და ტყემალაძემ მოიპოვეს. 

შედეგად, საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ ჯერ ქულა არ აუღია და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსიც დაკარგა. ჩვენები ტურნირის ბოლო ტურში, 8 იანვარს, ურუგვაის წინააღმდეგ ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები