„მთელი ქვეყანა ამბობდა, რომ ხუთი მცველით უნდა გვეთამაშა“ | რა თქვა რონალდ კუმანმა
ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში, მაროკოსთან პენალტების სერიაში წაგებულ შეხვედრაზე ისაუბრა. „ნარინჯისფერთა“ დამრიგებელმა ახსნა, ტაქტიკა რატომ შეცვალა (4-მცველიანიდან 5-მცველიან ტაქტიკაზე გადავიდა) და საკუთარი გუნდის გამოსვლა შეაფასა.
„ამ სტილში თამაში იმიტომ ავირჩიეთ, რომ გასულ სამ შეხვედრაში მეტოქეებმა ბევრი მომენტი შეგვიქმნეს. შეგვეძლო, ამაზე თვალი დაგვეხუჭა და ისევ ძველებურად გაგვეგრძელებინა, მაგრამ მთავარი მწვრთნელის მოვალეობა ასეთ მომენტებში ცვლილებების შეტანაა. სავსებით შესაძლებელია, რომ გარკვეული რაღაცები უკეთესადაც და სხვანაირადაც გაკეთებულიყო. მთელი ქვეყანა ამბობდა, რომ ხუთი მცველით უნდა გვეთამაშა. ასეც მოვიქეცით და ახლა ამის გამო მაკრიტიკებენ. იცით რა... ფეხებზე მკიდია.
აუცილებელი იყო, დაცვაში უკეთ გვეთამაშა. მაროკო შესანიშნავი გუნდია, რომელსაც ვარსკვლავები ჰყავს. გუნდთან შეხვედრის შემდეგ კორექტივების შეტანა გადავწყვიტე და საერთოდ არაფერს ვნანობ.
დამატებით დროში გუნდის შეცვლას იმის მიხედვით ვცდილობდი, თუ ვის შეეძლო პენალტების დარტყმა. დე იონგი დავკარგე, გაკპო დავკარგე... ამიტომ მოედანზე ის ადამიანები შევიყვანე, რომლებსაც თერთმეტმეტრიანების გატანა შეეძლოთ. ეს არ გამოვიდა და რას იზამ?“
შეგახსენებთ, რომ მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. პენალტების სერიაში მაროკომ 3:2 იმარჯვა და აფრიკელთა მომდევნო მეტოქე ტურნირის ერთ-ერთი ასპინძელი, კანადაა.
რაც შეეხება ნიდერლანდებს, „ნარინჯისფრებმა“ ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრა ოთხი მცველით ჩაატარეს. მაროკოსთან მატჩში კუმანმა სამი ცენტრალური მცველი გამოიყვანა: ვირჯილ ვან დაიკი, ნათან აკე და იან პაულ ვან ჰეკე, ხოლო მიკი ვან დე ვენი და დენზელ დუმფრისი უინგბექებად თამაშობდნენ.