შვილის გადასარჩენად ყველაფერი გაყიდა | პარაგვაის მეკარის საოცარი ისტორია
2026 წლის მუნდიალზე პარაგვაის ეროვნული ნაკრების გმირმა, მეკარე ორლანდო ხილმა, რომელმაც გერმანიასთან 6 „სეივი'' შეასრულა და ორი პენალტი აიღო, ცხოვრებაში საკმაოდ მძიმე ეტაპი გაიარა, როცა შვილი შეეძინა. ამ თემაზე სტატია არგენტინულმა TyC Sports-მა გამოაქვეყნა.
ორლანდო ხილის შვილი ქვეყნიერებას მაშინ მოევლინა, როცა მამა პროფესიულ კარიერაში პირველ ნაბიჯებს დგამდა პარაგვაულ „სან ლორენცოში''. იმ პერიოდში ფეხბურთელს ფინანსურად უჭირდა, ამას ემატებოდა ისიც, რომ პატარას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა, რამაც ოჯახს ფინანსური ტვირთი კიდევ უფრო დაუმძიმა.
როცა ორლანდომ ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა, ფეხბურთელის მეუღლემ ინსტაგრამში დაწერა:
„როცა ლაუტი დაიბადა, ფაქტობრივად, არაფერი გაგვაჩნდა. ორლანდო სამედიცინო ხარჯების დასაფარად იმ კლუბის ეკიპირებას ყიდდა, სადაც მაშინ თამაშობდა. ჩვენი შვილი სიცოცხლისთვის იბრძოდა და მამამისი ყოველ წამს მის გვერდით იყო! მან გაყიდა ყველაფერი: 20-წლამდელთა ნაკრების მაისური (სამახსოვროდაც კი ვერ დაიტოვა), პირადი ტანსაცმელი, ბუცები... პირდაპირი გაგებით, ყველაფერი გაყიდა!“
„ისეთ გასაჭირში ვიყავით, რომ ღმერთს ცრემლებით ვევედრებოდით და მანაც შეგვისრულა. მარტივი არასდროს არაფერია და არც იქნება, მაგრამ სიყვარულითა და თავდადებით ყველაფერი შესაძლებელია... ნეტავ მთელმა სამყარომ იცოდეს, რამხელა გული გაქვს და როგორ გწყურია წინსვლა!! მე და შენს შვილს ძალიან გვიყვარხარ და ვამაყობთ შენით!“
2024 წელს პარაგვაული „სან ლორენცოდან'' არგენტინულ „სან ლორენცოში'' გადავიდა, 2026 წლის სეზონში 22 მატჩიდან 12-ში კარი მშრალად შეინახა.
დღეს, უკვე პატარა ლაუტარო დანიელის დაბადებით გაზრდილი ოჯახით, ხილმა თავისი კარიერის მთავარ საღამოზე მუნდიალიდან გერმანიის გამოთიშვაში მთავარი როლი შეასრულა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
„ენით აღუწერელი ემოციაა, ძალიან რთული მატჩი გამოვიდა. თავიდანვე ვიცოდით, რომ ყველა მხრიდან შემოგვიტევდნენ. შევძელით წნეხს გავმკლავებოდით და ანგარიშიც გავხსენით. მართალია, გაგვითანაბრეს, მაგრამ ანგარიში შევინარჩუნეთ და თერთმეტმეტრიანების სერიაში გავიმარჯვეთ“.
პენალტების სერიაზე საუბრისას 26 წლის მეკარემ აღნიშნა, რომ მთავარი ამოცანაა „თითოეული მოთამაშისა და ყველა დეტალის გაანალიზება. მადლობა ღმერთს, ორი პენალტის მოგერიება შევძელი, რაც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად გადამწყვეტი აღმოჩნდა“.
„ეს უდიდესი პრივილეგიაა, ჩემპიონი გამოვთიშეთ ასპარეზობას. ამ გამარჯვებას ვუძღვნი სრულიად პარაგვაელ ხალხს და განსაკუთრებით ჩემს ძმისშვილს, რომელიც ახლა მძიმე პერიოდს გადის და კლინიკაში წევს. ჩემთვის ვთქვი, თუ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გავხდებოდი, ამ გამარჯვებას სწორედ მას მივუძღვნიდი“.