ფეხბურთელები ერთმანეთზე ბრაზობდნენ | მათეუსი ნაგელსმანის გაშვების მომხრეა
გერმანიის ნაკრების რეკორდსმენი ლოთარ მათეუსი მსოფლიო ჩემპიონატის ფიასკოში მოედანს მიღმა არსებულ "ხმაურს" ადანაშაულებს, რაც ზუსტად 32 წლის წინაც მთავარი მიზეზი იყო.
მათეუსი, გერმანიის ნაკრების მორიგი მუნდიალის ჩავარდნის შემდეგ პარალელებს 32 წლის წინანდელ მარცხთან ავლებს. მთავარი მწვრთნელის, იულიან ნაგელსმანის მომავალს გუნდში ვეღარ ხედავს.
„ამ წამს ფანტაზია არ მყოფნის, თუ როგორ შეიძლება ნაგელსმანთან ერთად გზის გაგრძელება,“ - განუცხადა მათეუსმა გაზეთ Bild-ს. „ამ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ახალი მწვრთნელით უნდა გავაგრძელოთ. ეს უკვე მეტისმეტი იყო.“
მარცხის მიზეზებზე საუბრისას მათეუსმა ყურადღება მოედანს მიღმა არსებულ დეტალებზე გაამახვილა: „გაზეთებში უამრავი სათაური იწერებოდა, ეს სიტუაცია 1994 წლიდან მეცნობა. არ მესმის, რატომ უნდა ჰყავდეს ყველას საკუთარი ოჯახი თავიდანვე, თან ყოველი თამაშის შემდეგ. შემდეგ იწყება გარჩევები მგზავრობის დეტალებზე, სასტუმროს დაჯავშნაზე, ეს ყველაფერი გუნდში განხილვის თემა იყო, რის გამოც ფეხბურთელები ერთმანეთზე ბრაზობდნენ.“
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში გერმანიის ნაკრები პარაგვაის დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, დამატებულ ტაიმებში ანგარიში არ შეცვლილა და პენალტების სერია ვიხილეთ, რომელიც პარაგვაიმ მოიგო.
მათეუსის მიერ ხსენებულ 1994 წლის მუნდიალზე გერმანია მეოთხედფინალში ბულგარეთთან 1:2 დამარცხდა.