კაი ჰავერცი, ფლორიან ვირცი
Aa
Aa

უდიდესი სენსაცია პენალტების სერიაში | პარაგვაიმ გერმანია გამოაგდო

მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში გერმანიის ნაკრები პარაგვაის დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, დამატებულ ტაიმებში ანგარიში არ შეცვლილა და პენალტების სერია ვიხილეთ, რომელიც პარაგვაიმ მოიგო.

„ლა ალბიროხა“ გამოკვეთილ მეორე ნომრად თამაშობდა და დაცვაში თავისუფალ ზონებს პრაქტიკულად არ ტოვებდა. „ბუნდესმანშაფტს“ მომენტების შექმნა უჭირდა და პირველ ტაიმში ზუსტი დარტყმა არ ჰქონია. სამაგიეროდ, პარაგვაიმ თავისი შანსი შესანიშნავად გამოიყენა. 42-ე წუთზე მატიას გალარსას ჩაწოდების შემდეგ თავით ხულიო ენსისომ ითამაშა და საკუთარი გუნდი დააწინაურა — 1:0.

ენსისოს თავური პარაგვაისთვის ისტორიული აღმოჩნდა — „ლა ალბიროხამ“ მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გოლი პირველად გაიტანა. მეორე ტაიმის სტარტზე პარაგვაის ორბურთიანი უპირატესობის მოპოვება შეეძლო, მაგრამ გერმანია მანუელ ნოიერმა გადაარჩინა.

ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა წონასწორობა 54-ე წუთზე აღადგინა. ფლორიან ვირცის ჩაწოდების შემდეგ კაი ჰავერცმა თავით დაარტყა და ორლანდო ხილის კარი აიღო — 1:1. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და გამარჯვებულის გამოსავლენად მიმდინარე მუნდიალის პირველი დამატებითი დროის დანიშვნა გახდა საჭირო.

103-ე წუთზე გერმანელთა კუთხურის შემდეგ იონათან ტამ „ბუნდესმანშაფტი“ დააწინაურა, თუმცა ეპიზოდი VAR-ზე გადამოწმდა და გოლი გაუქმდა. ანტონიმ ხილის წინააღმდეგ წესები დაარღვია, პარაგვაელთა მეკარე დაბლოკა და ანგარიში უცვლელი დარჩა — 1:1.

მეორე დამატებულ ტაიმში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და ამ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა. გერმანელთა მხრიდან პენალტები კაი ჰავერცმა და ნიკ ვოლტემადემ გააფუჭეს, რომლებსაც ხილმა აუღო. პარაგვაელთა რიგებში ანტონიო სანაბრიას შეეძლო, გუნდი მომდევნო ეტაპზე გაეყვანა, მაგრამ ააცილა. პარაგვაის კიდევ ერთი შანსი ჰქონდა, მაგრამ ფაბიან ბალბუენას პენალტი მანუელ ნოიერმა მოიგერია და 5-5 დარტყმის შემდეგ ანგარიში 3:3 გახლდათ. გერმანელთა მეექვსე პენალტი ტამ დაარტყა, რომელმაც კარს ააცილა, „ლა ალბიროხამ“ კი მესამე შანსი ხელიდან არ გაუშვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ცნობისთვის, პარაგვაი საფრანგეთისა და შვედეთის წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ამ გუნდების შეხვედრა 1-ელ ივლისს, თბილისის დროით, 01:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნეიმარის შეყვანას ვაპირებდი, მაგრამ...“ - ანჩელოტი იაპონიასთან გამარჯვების შემდეგ
„ნეიმარის შეყვანას ვაპირებდი, მაგრამ...“ - ანჩელოტი იაპონიასთან გამარჯვების შემდეგ