„რაც დაიმსახურა, ის მიიღო“ - ჰამანი ნაგელსმანს არ თანაუგრძნობს
უკვე ზედიზედ მესამე მსოფლიოს ჩემპიონატია გერმანიის ნაკრები გულშემატკივრებს იმედებს უცრუებს. 2014 წლის ტრიუმფალური პლანეტის პირველობის შემდეგ, ბუნდესმანდშაფტმა მუნდიალებზე გამართული 10 მატჩიდან 4 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 5 წააგო, რაც ამხელა საფეხბურთო ტრადიციების მქონე ქვეყნისთვის ნამდვილი კატასტროფაა. მართალია წინა ორი ტურნირისგან განსხვავებით, გერმანელები ამჯერად ჯგუფში არ ჩარჩნენ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ 1/16-ფინალში პარაგვაისთან დამარცხდნენ, ეს დიდი ვერაფერი ნუგეში ვერ იქნება.
ყოველივე აქედან გამომდინარე, გუნდის მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი იურგენ კლინსმანმა, ლოთარ მათეუსმა და სხვა ვეტერანმა ვარსკვლავებმა მკაცრად გააკრიტიკეს და მათ რიგებს დიტმარ ჰამანიც შეუერთდა, რომელმაც RTE Sport-ის ეთერში საკმაოდ მწვავე შეფასებები გააკეთა.
რას ამბობს ჰამანი
ნაგელსმანის მწვრთნელობის პერიოდში გერმანიის ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე, ერთა ლიგასა და მსოფლიოს 2026 წლის პირველობაზე რამდენიმე ნორმალური მატჩი ჩაატარა, თუმცა საერთო ჯამში მისი ფორმაციის გუნდი ნამდვილი იმედგაცრუება გახლდათ.
იულიანი მატჩებს იშვიათად უყურებდა და საერთოდ არ გაემგზავრა მილანში იან ბისეკის თამაშის სანახავად, რომლის გამოძახებაც თავისუფლად შეიძლებოდა. ორწელიწადნახევრის განმავლობაში არ ჩასულა ბრენტფორდში კევინ შადეზე დასაკვირვებლად, რომელმაც პრემიერლიგის გასულ სეზონში 10 გოლი გაიტანა. გგონიათ მისი პრობლემა მგზავრობაშია? არა, ალბათ გერმანიის ბუნდესლიგაშიც თვეში ერთ, ან ორ მატჩს თუ დაესწრებოდა.
იანვარში აფრიკის თასი ჩატარდა და არ შეეძლო გამგზავრებულიყო და კოტ დ’ივუარსა და სხვა პოტენციურ მეტოქეებს ადგილზე დაკვირვებოდა? შარშან ზაფხულში ამავე სტადიონებზე, სადაც მუნდიალის მატჩები მიმდინარეობს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ჩატარდა. იქ ჩასულები იყვნენ რობერტო მარტინესი და 60 წლის დიდიე დეშამი ადგილობრივი კლიმატის შესასწავლად. ამ დროს სად იყო 38 წლის ნაგელსმანი? წასვლა დაეზარა. აქედან გამომდინარე, იულიანს არ თანავუგრძნობ, რადგან როგორც მან, ასევე გუნდმა მიიღო ის, რაც დაიმსახურა.
ცნობისათვის, იულიან ნაგელსმანმა განაცხადა, რომ ის მშიშარა ადამიანი არ არის და გაქცევას არ აპირებს, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ გერმანიის საფეხბურთო კავშირი მის განთავისუფლებას არ გადაწყვეტს, დაკავებულ თანამდებობას საკუთარი სურვილით არ დატოვებს.