მექანიკოსის ასისტენტი, გარემოვაჭრე და თაღლითობაში ეჭვმიტანილი - უცნობი პარაგვაული ისტორიები
Aa
Aa

მექანიკოსის ასისტენტი, გარემოვაჭრე და თაღლითობაში ეჭვმიტანილი - უცნობი პარაგვაული ისტორიები

30 ივნისი პარაგვაის პრეზიდენტმა სანტიაგო პენიამ ქვეყანაში უქმე დღედ გამოაცხადა. მიზეზი მათთვის ძალიან სასიხარულო და ისტორიულია - ალბიროხამ მსოფლიოს ჩემპიონატის 1/16-ფინალში ფავორიტად შერაცხული გერმანია დაამარცხა და მიმდინარე ტურნირის მთავარი სენსაციის ავტორი გახდა. პარაგვაელთა წარმატებას ორმაგად ფასეულს ხდის ის ფაქტი, რომ მათ ალემანებს იმ 11-მეტრიანების სერიაში აჯობეს, სადაც პლანეტის პირველობის ისტორიაში აქამდე დამარცხებულები არასოდეს იყვნენ.

სამხრეთ ამერიკელებს, რომელთაც არგენტინელი სპეციალისტი გუსტავო ალფარო ამზადებს, ხოსე ლუის ჩილავერტის, როკე სანტა კრუსისა და ოსკარ კარდოსოს კალიბრის მოთამაშეები არ ჰყავთ და მკითხველისთვის უდავოდ საინტერესო იქნება, ქვეყნის ახალი საფეხბურთო გმირების შესახებ საინტერესო ფაქტების გაცნობა.

რობერტო ფერნანდესი (38 წლის, მეკარე)

მისი მეტსახელია გატიტო, რადგან მამამისს, რომელიც ასევე მეკარე და ასევე რობერტო ფერნანდესი იყო, გატოდ მოიხსენიებდნენ, უმცროს რობერტოს კი გატიტო შეარქვეს. რობერტოს მამა პარაგვაის ნაკრების კარს იცავდა და 1979 წელს კოპა ამერიკა მოიგო, ხოლო 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მექსიკასთან შეხვედრაში უგო სანჩესს 11-მეტრიანი აუღო.

ორლანდო ხილი (26 წლის, მეკარე)

გერმანიასთან შეხვედრის მთავარი გმირი ბავშვობაში იკერ კასილიასისა და ვიქტორ ვალდესის ვიდეოებს უყურებდა და სკოლას აცდენდა, რათა მაღალი კლასის მეკარეობა სურდა. მოგვიანებით, როდესაც ორლანდომ ოჯახი შექმნა და შვილი ლაუტარო გაუჩნდა, იქიდან გამომდინარე, რომ საარსებო ფული არ ჰქონდა, სათამაშო ფორმა, ბუცები და პარაგვაის 20-წლამდე ნაკრების მაისური გაყიდა, რომლითაც პირველი თამაში ჩაატარა და სამუდამოდ სამახსოვროდ შენახვა უნდოდა.

გასტონ ოლივეირა (33 წლის, მეკარე)

დაიბადა ურუგვაიში, თუმცა პარაგვაიში 5-წლიანი ცხოვრების შემდეგ, 2026 წელს ამ ქვეყნის მოქალაქეობა მისცეს. მანამდე ურუგვაის ნაკრებში იძახებდნენ და 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გაფართოებულ შემადგენლობაშიც მოხვდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სელესტეს რიგებში არც ერთი ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია, პარაგვაის ეროვნულ გუნდში უპრობლემოდ მოხვდა.

ომარ ალდერეტე (29 წლის, მცველი)

როდესაც ის გააჩინა, დედამისი 18 წლის იყო და იქიდან გამომდინარე, რომ მამამისს პასუხისმგებლობის აღების შეეშინდა, ალდერეტე მარტოხელა დედამ გაზარდა. მამის არყოფნაში ომარის აღზრდაში დიდი წვლილი ბიძამისმა შეიტანა, რომელიც სიმსივნით გარდაიცვალა იქამდე ორი თვით ადრე, სანამ ომარი „სერო პორტენოში“ სადებიუტო შეხვედრას გამართავდა.

ხუნიორ ალონსო (33 წლის, მცველი)

ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი არასოდეს ყოფილა. 10 წლამდე ფუტსალს თამაშობდა და შემდეგ გადაინაცვლა 11X11 ფეხბურთში. კარიერის მანძილზე სპორტში პაუზის აღებაც მოუწია, რადგან მამამისის ვულკანიზაციაში მოტოციკლების შეკეთებაში გაცილებით მეტ ფულს შოულობდა.

ფაბიან ბალბუენა (34 წლის, მცველი)

ინგლისსა და ბრაზილიაში ის „კომანდანტესა„ და გენერლის მეტსახელით სარგებლობდა. „ვესტ ჰემის“ სპორტული დირექტორი აცხადებს, რომ ფაბიოს აქვს მებრძოლი ხასიათი, ძლიერი მენტალობა და ეგო, რომლითაც ნებისმიერი გუნდის ლიდერობას შეძლებს.

ხოსე კანალე (29 წლის, მცველი)

პარაგვაის ეროვნულ გუნდში პირველად სულ ახლახანს, 29 წლის ასაკში გამოიძახეს. მარტში, გუსტავო ალფაროს „ლანუსში“ მისი მაღალ დონეზე ასპარეზობა არ გამოჰპარვია და შანსი მისცა, რომელსაც ეს უკანასკნელი ჩინებულად იყენებს.

ხუან კასერესი (26 წლის, მცველი)

ტატუების დიდი მოყვარულია. ერთ ხელზე აქვს გაკეთებული ფეხბურთის თამაშის ამსახველი ფოტოების კოლაჟი, სადაც აწერია: „დღე, როდესაც ფიქრობ, დღე, როდესაც ოცნებობ და დღე, როდესაც სრულყოფილი ხდები“. ასევე აქვს გაკეთებული არგენტინის ჩემპიონატში სადებიუტო მატჩის ჩატარების აღმნიშვნელი ტატუ. მეორე ხელზე კი აქვს დახატული სპილო, როგორც ოჯახის სიმბოლო, ხოლო ფეხზე რაიონი კალვინი და ძაღლი.

გუსტავო გომესი (33 წლის, მცველი)

2016 წელს გახდა პირველი პარაგვაელი ფეხბურთელი, რომელიც „მილანში“ გადავიდა, სადაც იტალიის სუპერთასიც მოიგო. ახლა კი ბრაზილიის „პალმეირასის“ ღირსებას იცავს და „მწვანე ყვავების“ ისტორიაში 46 გოლით ყველაზე შედეგიანი მცველია.

ალექსანდრო მაიდანა (20 წლის, მცველი)

როდესაც მოზარდი იყო მექანიკოსის ასისტენტად მუშაობდა, ახლა კი 20 წლისაა და პლანეტის უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე თამაშობს.

გუსტავო ველასკესი (35 წლის, მცველი)

2018 წელს ველასკესმა „ნასიონალი“ – „დეპორტივო კაპიატას“ (4:0) შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა და გახდა პარაგვაის ჩემპიონატის ისტორიაში პირველი მცველი, რომელმაც ერთ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა.

დამიან ბობადილია (24 წლის, ნახევარმცველი)

დამიანი „ბოკა ხუნიორსის“, „ლიბერტადის“,  „ინდეპენდიენტე მედელინის“ და პარაგვაის ნაკრების ყოფილი მეკარის ალდო ბობადილიას შვილია. ამ უკანასკნელს 2006 წელს აშკარად გაუმართლა, რადგან პარაგვაის ნაკრების ძირითადმა მეკარემ ტრავმა მიიღო და ჯგუფური ეტაპის პირველივე ტურში ინგლისთან სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა.

ანდრეს კუბასი (30 წლის, ნახევარმცველი)

2025 წლის ნოემბერში მან ამერიკის შეერთებული შტატებისა და მექსიკის ნაკრებთან ამხანაგური მატჩები სულელური მიზეზების გამო გამოტოვა, რადგან პასპორტი დარჩა შარვლის ჯიბეში, რომელიც გაირეცხა და გაფუჭდა. ახალი პასპორტი დაჩქარებული წესით აიღო, მაგრამ სავიზო პრობლემების მოგვარება ასე სწრაფად ვეღარ მოხერხდა.

ხულიო ენსისო (22 წლის, ნახევარმცველი)

მისი პირველი დიდი ოცნება მშობლებისთვის სახლის ყიდვა იყო, რადგან დაბადებიდანვე ის და მისი დედ-მამა ბაბუის ბინაში ცხოვრობდა. თავის ოცნებას ხულიომ ფრთები 2021 წლის დეკემბერში შეასხა.

მატიას გალარსა (24 წლის, ნახევარმცველი)

მის ოჯახში შვიდი მეკარე იყო: მამა, ძმა, ბაბუა და ბიძები. რამდენიმე მათგანს პარაგვაის ჩემპიონატსა და ნაკრებშიც ჰქონდა ნათამაშები. თუმცა, მატიასმა საოჯახო ტრადიციას უღალატა და ნახევარმცველობა გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ბავშვობაში მამამისი მატიასს მეკარის ხელთათმანებს უმალავდა, რადგან ფიქრობდა, რომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ფეხბურთში მეკარის პოზიციაზე თამაში ყველაზე რთული იყო.

დიეგო გომესი (23 წლის, ნახევარმცველი)

გაიზარდა ბაბუისა და ბებიის ფერმაში პარაგვაიში, სადაც ბალახის მოთიბვითა და ძროხების გამოკვებით იყო დაკავებული, 2023-2024 წლებში კი „ინტერ მაიამიში“ ლიონელ მესისთან და ლუის სუარესთან ერთად თამაშობდა.

მაურისიო (25 წლის, ნახევარმცველი)

დაიბადა სან პაულუში, პარაგვაიში თამაში კი ისტორიული ფესვების გამო გადაწყვიტა. მამის მხრიდან ბაბუა პარაგვაელი იყო, რომელიც თავის დროზე ბრაზილიაში გადმოცხოვრდა. სანამ პარაგვაის მოქალაქეობას მიიღებდა, მაურისიომ ადგილობრივი კულტურა და ენა მაქსიმალურად შეისწავლა.

ბრაიან ოხედა (26 წლის, ნახევარმცველი)

საკუთარ თავს აღწერს როგორც მშვიდ ადამიანს, რომელსაც უყვარს ოჯახი და მეგობრები და ცდილობს დაეხმაროს ადამიანებს: „შეგუება - ეს არის მთავარი თვისება, რასაც არასოდეს დავკარგავ“ - აცხადებს ოხედა, რომელსაც სურს ყოველდღიურად უკეთესი გახდეს და ყოველი მატჩის წინ ლოცულობს.

ალეხანდრო რომერო (31 წლის, ნახევარმცველი)

მას ვარჯიშებზეც და თამაშებზეც კაკას ეძახიან, რადგან ბავშვობიდანვე რიკარდო იზექსონ ლეიტეს დიდი გულშემატკივარია.

მიგელ ალმირონი (32 წლის, თავდამსხმელი)

„სერო პორტენოს“ აკადემიაში ყოფნისას ფეხბურთის სათამაშოდ ალმირონს ფიზიკურად სუსტად მიიჩნევდნენ, რის გამოც ძირითადად სათადარიგოთა სკამზე, ან ტრიბუნებზე უწევდა დროის გატარება. ერთ დღეს ვარჯიშიდან სახლში მოსულმა თქვა, რომ ყველაფერი მობეზრდა და სპორტის ნომერ პირველ სახეობას თავს ანებებდა, რაზეც მამისგან მკაცრი პასუხი მიიღო: „თუ ფეხბურთს მიატოვებ, ჩემთან ერთად წამოხვალ და სუპერმარკეტის სალაროში მოგიწევს მუშაობა“.

ალექს არსე (31 წლის, თავდამსხმელი)

პანდემიის პერიოდში გარევაჭრობით იყო დაკავებული და ჰამაკებს ჰყიდდა, რომელსაც ბიძამისი ამზადებდა.

გუსტავო კაბალიერო (24 წლის, თავდამსხმელი)

ბავშვობიდან „ოლიმპიას“ გულშემატკივარი იყო, თუმცა კარიერა სხვა კლუბებში, „კაპიატუში“, „ამელიანოსა“ და „ნასიონალში“ აიწყო. ერთხელ გოლი საყვარელ „ოლიმპიასაც“ გაუტანა და სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდნენ მისით, თუმცა იქ გადასვლაზე უარი განაცხადა.

ისიდრო პიტა (26 წლის, თავდამსხმელი)

დარწმუნებული არ იყო, წაიყვანდა თუ არა გუსტავო ალფარო მუნდიალზე, თუმცა ნაკრებში მოხვედრა ისე უნდოდა, რომ ღამეები არ ეძინა. მიუხედავად ამისა, გეგმა B მოფიქრებული ჰქონდა და თუ ეროვნულ გუნდში ვერ მოხვდებოდა, ოჯახთან ერთად ესპანეთში გეგმავდა დასასვენებლად წასვლას. საბოლოოდ პიტას უკვე ნაყიდი ბილეთების უკან ჩაბარება მოუწია და ახლა გუნდთან ერთად ისტორიას წერს.

ანტონიო სანაბრია (30 წლის, თავდამსხმელი)

ხუთ დედმამიშვილს შორის ანტონიო ყველაზე უფროსია. მამამისს თავის დროზე სამუშაოდ პარაგვაიდან ესპანეთში წასვლა მოუწია, ოჯახის წევრები კი მაშინ წაიყვანა, როდესაც სანაბრია 11 წლის იყო. როგორც ანტონიო იხსენებს, თავდაპირველად ესპანეთში მამასთან საცხოვრებლად ჩავიდა, თუმცა „ბარსელონას“ აკადემიაში მოხვედრა მისთვის ნამდვილი სიურპრიზი იყო.

რამონ სოსა (26 წლის, თავდამსხმელი)

პარაგვაის ეროვნულ გუნდში თავის გამოჩენის საშუალება ისე მიეცა, რომ არც ერთ ასაკობრივ ნაკრებში არ უთამაშია.

გაბრიელ ავალოსი (35 წლის, თავდამსხმელი)

უთამაშია 14 სხვადასხვა კლუბში. „კრუსერო დელ ნორტედან“ „პენიაროლში“ წასვლისას კი, მას არგენტინული კლუბის ხელმძღვანელები თაღლითობაში ადანაშაულებდნენ. ავალოსმა გუნდის შეფებს 150 ათასი დოლარი გამოართვა და დროებით მიიმალა, რათა „პენიაროლთან“ კონტრაქტი ჩუმად გაეფორმებინა. ის იმდენი ხანი არ ჩანდა, რომ საქმეში ინტერპოლიც ჩაერთეს, თუმცა მოგვიანებით კონფლიქტის დარეგულირება მოხერხდა.

აქვე აუცილებლად გეტყვით პარაგვაის ნაკრების დამრიგებელზე - 63 წლის გუსტავო ალფარო ალბიროხას 2024 წლის 13 აგვისტოდან ამზადებს და მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 23 მატჩიდან პარაგვაელებმა 10 მოიგეს, 8 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შვილის გადასარჩენად ყველაფერი გაყიდა | პარაგვაის მეკარის საოცარი ისტორია
შვილის გადასარჩენად ყველაფერი გაყიდა | პარაგვაის მეკარის საოცარი ისტორია