ჯონათან ტა
Aa
Aa

BILD: როცა ვარსკვლავებმა ყოყმანი დაიწყეს, ტა უდიდეს წნეხს შეეჭიდა

BILD-ის ინფორმაციით, პარაგვაისთან მატჩში გერმანიის ნაკრებში მე-6 პენალტის შესრულებასთან დაკავშირებით სერიოზული სირთულე შეიქმნა. ნაკრების სხვა ვარსკვლავებმა იყოყმანეს, რის შემდეგაც ტა პირველი აღმოჩნდა, ვინც ამ უდიდეს წნეხს შეეჭიდა.

BILD: “საერთოდ რატომ აიღო ტამ პასუხისმგებლობა და მივიდა პენალტის ნიშნულთან? გუნდში სერიოზული შიდა სირთულეები შეიქმნა მეექვსე შემსრულებლის საპოვნელად! ტა პირველი აღმოჩნდა, ვინც ამ უდიდეს წნეხს შეეჭიდა, რადგან ნაკრების სხვა ვარსკვლავებმა ყოყმანი დაიწყეს და პასუხისმგებლობას თავი აარიდეს, მანამდე კი, იულიან ნაგელსმანის არჩევანით, პირველი ხუთი დარტყმა მათ შეასრულეს: კაი ჰავერცმა (ააცილა), კაპიტანმა ჯოშუა კიმიხმა (გაიტანა), ჯამალ მუსიალამ (გაიტანა), ნიკ ვოლტემადემ (ააცილა) და ნადიმ ამირიმ (გაიტანა).

ტა მატჩის ნამდვილ ტრაგიკულ ფიგურად იქცა! დამატებით დროში მისი სავარაუდო გამარჯვების გოლი (თავური დარტყმით) VAR-ის გადამოწმების შემდეგ გაუქმდა, პარაგვაის მეკარე ხილზე ვალდემარ ანტონის მხრიდან სადავო ჯარიმა დაფიქსირდა'.

BILD-მა ჩემპიონთა ლიგის 2011-12 წლების სეზონი გაიხსენა, როცა ლონდონის ჩელსიმ ბაიერნი პენალტების სერიაში დაამარცხა: „ის ფაქტი, რომ პენალტების სერიაში არ აღმოჩნდა საკმარისი რაოდენობის პროფესიონალი, ვინც თავდაჯერებული მივიდოდა ნიშნულთან, ბაიერნის 2012 წლის „საშინაო ფინალს“ გვახსენებს. ჩემპიონთა ლიგის იმ წაგებულ ფინალში, საკუთარ სტადიონზე ჩელსის წინააღმდეგ, არაერთმა ვარსკვლავმა აარიდა თავი დარტყმას, რის გამოც მესამე პენალტის შესასრულებლად მეკარე ნოიერი მივიდა (და გაიტანა კიდეც). საბოლოოდ კი, ბასტიან შვაინშტაიგერმა მეხუთე პენალტი ვერ გამოიყენა".

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში გერმანიის ნაკრები პარაგვაის დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, დამატებულ ტაიმებში ანგარიში არ შეცვლილა და პენალტების სერია ვიხილეთ, რომელიც პარაგვაიმ მოიგო.1/8-ფინალში პარაგვაი საფრანგეთი - შვედეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები