ეს კატასტროფაა, გერმანია უზარმაზარ ორმოშია | კლინსმანის მწვავე შეფასება
ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა, გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა და ასევე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლინსმანმა ESPN-თან ინტერვიუში „ბუნდესმანშტაფტი'' მწვავედ გააკრიტიკა. მისი აზრით, გერმანიის ნაკრები უზარმაზარ კრიზისშია და პასუხისმგებლობა გერმანიის ფეხბურთის ასოციაციისა და ნაკრების თითოეულ წევრს ეკისრება.
„ის, თუ როგორ გამოვვარდით, ვფიქრობ, ძალიან, ძალიან გულდასაწყვეტია. ისე ჩანდა, თითქოს გუნდი მზად არ იყო 120 წუთის განმავლობაში სიტუაცია საკუთარ კონტროლში აეღო. ისინი არ იყვნენ საკმარისად ენერგიულები, საკმარისად გადამწყვეტები და აგრესიულები, რომ მოეგოთ ეს ბრძოლა პარაგვაის ძალიან ძლიერ გუნდთან, რომელთანაც წინასწარ ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. შემდეგ კი, სულ ბოლოს, ნამდვილად ისე ჩანდა, რომ პენალტების სერიისთვის მზად არ იყვნენ, რაც ჩვენთვის წარმოუდგენელია, რადგან, როგორც წესი, პენალტების სერია გვიყვარს.
დიახ, ის, თუ როგორ გამოვვარდით ამაღამ, გამანადგურებელი და სამარცხვინოა. ეს არის ის, რასაც არავინ, არავინ ელოდა და თითქმის ისეთივე საშინელებაა, როგორიც ოთხი წლის წინ კატარიდან და 8 წლის წინ რუსეთიდან გამოვარდნა იყო.
ამან გერმანია უზარმაზარ ორმოში ჩააგდო და ყველაფერი, ზემოდან ქვემოთ, ეჭვქვეშ უნდა დადგეს და განიხილოს. ცხადია, ამას მოჰყვება შესაბამისი შედეგებიც, რა შედეგებიც არ უნდა იყოს ეს. ვგულისხმობ, რომ პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება — სამწვრთნელო შტაბიდან დაწყებული, ფედერაციითა და ყველა იმ მოთამაშით დამთავრებული, ვინც ამ 26-კაციან განაცხადში იყო. ყველა ამ კატასტროფის ნაწილია, მე ამას კატასტროფას ვუწოდებ. მათ ეს უნდა აღიარონ და დიახ, ამასთან ერთად ცხოვრება მოგიწევთ.“
შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში გერმანიის ნაკრები პარაგვაის დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, დამატებულ ტაიმებში ანგარიში არ შეცვლილა და პენალტების სერია ვიხილეთ, რომელიც პარაგვაიმ მოიგო.1/8-ფინალში პარაგვაი საფრანგეთი - შვედეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.