„ყველა ვინც ფეხბურთს უყურებს, იცის რა არგუმენტები მაქვს“ | იამალი ოქროს ბურთზე
„ბარსელონას“ სუპერვარსკვლავმა, ლამინ იამალმა L’Equipe-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. „ბლაუგრანას“ ესპანელმა გარემარბმა „ოქროს ბურთის“ მოახლოებულ დაჯილდოებაზეც ისაუბრა და დაასახელა კრიტერიუმები, რომლებსაც, მისი აზრით, უპირატესობა უნდა მიანიჭონ.
— რას ნიშნავს შენთვის „ოქროს ბურთი“? რომელი კრიტერიუმი უნდა იყოს ყველაზე წონადი?
„„ოქროს ბურთი“ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოა — იმ უნიკალური და გამორჩეული ფეხბურთელისა, ვისი ყურებაც სიამოვნებას განიჭებს. ფეხბურთელისა, ვისაც განსაკუთრებული მაგია აქვს, ვინც ღიმილს გგვრის და ვის გამოც მატჩების ყურება გინდება. „ოქროს ბურთს“ არანაირი კავშირი არ აქვს გატანილი გოლების რაოდენობასთან ან რამე მსგავს მაჩვენებელთან. როდესაც „ოქროს ბურთზე“ ვფიქრობ, ლიონელ მესი, რონალდინიო და სხვა უნიკალური ფეხბურთელები მახსენდებიან, რომლებიც ოცნების საშუალებას გვაძლევენ“.
— წლეულს დიდი დებატებია დაწყებული... როგორ ფიქრობ, ვინ იმსახურებს „ოქროს ბურთს“?
„კარგია, ბევრი ვარიანტი რომ არის და განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. საბოლოოდ, ყველაფერს ჟურნალისტები გადაწყვეტენ. ჩემი მოვალეობა კარგად თამაშია. ყველა კანდიდატს ძალიან კარგი არგუმენტები აქვს, ყველანი შესანიშნავი ფეხბურთელები ვართ და ვნახოთ, რა მოხდება“.
— რამდენიმე ფეხბურთელმა კამპანიაც კი წამოიწყო: „მე „ოქროს ბურთს“ ყველაზე მეტად ვიმსახურებ“. შენს შემთხვევაში, რა არგუმენტები გაქვს?
„ვფიქრობ, ყველა, ვინც ფეხბურთს უყურებს, იცის, რა არგუმენტები მაქვს. მოედანზე სიამოვნებას ვიღებ, შესანიშნავად, ზუსტად ისე ვთამაშობ, როგორც მინდა. ასევე, გამიმართლა და „ბარსელონასთან“ ერთად ბევრი ტიტული მოვიგე. მოვახერხე და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირის, მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულიც გავხდი. გარდა ამისა, ჩემი სათამაშო სტილი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არგუმენტია და არის ის, რაც განსხვავებულს მხდის“.
— იცი, რომ კრიტერიუმები ითვალისწინებს როგორც გუნდურ, ისე ინდივიდუალურ მიღწევებს. იტყოდი, რომ შენი კანდიდატურა ორივეს კარგად აერთიანებს?
„ზუსტად. კარგი ფეხბურთელობის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია გუნდს მოგებაში დაეხმარო. როდესაც შენი გუნდი იგებს, თითოეული მოთამაშე უფრო კაშკაშებს, ყველაფერი უფრო თვალსაჩინო ხდება. ღვთის წყალობით, ეროვნულ ნაკრებთან ერთად წლებია წარმატებას ვაღწევთ. „ბარსელონასთან“ ერთადაც ასეა და გვსურს მოგება გავაგრძელოთ“.
— კანდიდატებს შორის შეგვიძლია ვახსენოთ კილიან მბაპე, ხვიჩა კვარაცხელია, როდრი, უსმან დემბელე, ლიონელ მესი, ჰარი კეინი... რას ფიქრობთ მათზე?
„ყველანი უდიდესი მოთამაშეები არიან. არ მიკვირს, რომ დებატებში მათ კანდიდატურებს ასახელებენ. ყველას თავისი არგუმენტი აქვს. მესის იმის გამო ასახელებენ, რომ ფანტასტიკური მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდა. სხვებს სხვა არგუმენტები აქვთ. ყველა მოსაზრებას პატივი უნდა ვცეთ. თუ ვინმე ამბობს, რომ „მესი იმსახურებს“ ან „როდრი იმსახურებს“, ეს პატივსაცემია. სისულელეს ხომ არ ამბობენ, არა?“.
ცნობისთვის, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალი 26 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება. ახლანდელი მდგომარეობით, ფავორიტად ჰარი კეინს ასახელებენ, ლამინი კი მეორე ადგილზე იმყოფება.