რონალდ კუმანი
Aa
Aa

„განსაკუთრებით მტკივნეულია, რომ ისტორია ასე სრულდება“ - კუმანი ნაკრებიდან წავიდა

რონალდ კუმანმა ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ამის შესახებ 63 წლის სპეციალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა.

რას წერს კუმანი:

„გასულ ღამეს მივიღე გადაწყვეტილება, დავასრულო ჩემი მუშაობა ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

ჩემს კარიერას რომ ვუყურებ, პირველ რიგში სიამაყესა და ღრმა მადლიერების გრძნობას განვიცდი. მხვდა ბედნიერება მემუშავა „ვიტესში“, „აიაქსში“, „ბენფიკაში“, პსვ-ში, „ვალენსიაში“, „ალკმაარში“ „ფეიენოორდში“, „საუთჰემპტონში“, „ევერტონში“, „ბარსელონაში“ და, რა თქმა უნდა, ორჯერ ვყოფილიყავი ნიდერლანდების ნაკრების სათავეში. ყველა ამ კლუბმა და ადამიანმა, რომლებთანაც ბედმა დამაკავშირა, ჩამომაყალიბეს როგორც პიროვნება და მწვრთნელი და მაჩუქეს მოგონებები, რომლებსაც მთელი ცხოვრება შევინახავ.

სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მტკივნეულია, რომ ჩემი ისტორია ნაკრებთან სწორედ ასე სრულდება. ჩვენ ყველანი ვოცნებობდით ისეთი მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე, რომელიც ისტორიაში შევიდოდა. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ჩემზე მეტად ამით არავინაა იმედგაცრუებული. მთავარი მწვრთნელი ამაზეა პასუხისმგებელი. მე ამას ყოველთვის ვგრძნობდი და ვიგრძნობ ჩემი სიცოცხლის ბოლომდე.

ბოლო წლებმა კვლავ შემახსენა, რომ ცხოვრებაში ფეხბურთზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამეები არსებობს. ფეხბურთი ჩემი მთელი ცხოვრების საქმე იყო, მაგრამ ჯანმრთელობა შეუფასებელია. როდესაც ადამიანი, რომელიც მთელი გულით გიყვარს, მძიმე ბრძოლას აწარმოებს, შენი მსოფლმხედველობა იცვლება. ჩემი მეუღლე ბარტინა, მიუხედავად საკუთარი ავადმყოფობისა, ყოველდღე მხარს მიჭერდა და მარწმუნებდა, რომ ნაკრებში მუშაობა ბოლომდე მიმეყვანა. ეს სულის დაუჯერებელი სიმტკიცის გამოვლინებაა. მე მისი იმაზე მეტად მადლიერი ვარ, ვიდრე ოდესმე შევძლებ სიტყვებით გადმოვცე.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მოთამაშეს, რომლებთანაც მუშაობა მომიწია. საქმისადმი თქვენი დამოკიდებულება, თქვენი ხასიათი და ნდობა ყოველდღე შთამაგონებდა. ასევე მადლობა ჩემს სამწვრთნელო შტაბს, ნიდერლანდების სამეფო საფეხბურთო კავშირ, კადრს მიღმა დარჩენილ ყველა თანამშრომელს და თითოეულ კლუბს, სადაც მუშაობის ბედნიერება მქონდა. მაგრამ უპირველეს ყოვლისა - მადლობა გულშემატკივრებს. თქვენი მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით ყველაზე რთულ მომენტებში. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო ნიდერლანდების წარმოდგენა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში.

წინააღმდეგობრივი გრძნობებით მივდივარ. რა თქმა უნდა, მინდოდა ნაკრებში მუშაობა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულით დამესრულებინა. სამწუხაროდ, ამ ოცნებას ახდენა არ ეწერა. მაგრამ ყველაზე მეტად სიამაყეს განვიცდი. სიამაყეს იმ ყველაფრის გამო, რაც ფეხბურთმა მომცა, იმ ადამიანების გამო, რომლებიც ჩემს გზაზე შევხვდი და იმის გამო, რომ შევძელი ჩემი მთავარი ვნება მთელი ცხოვრების საქმედ მექცია“.

შეგახსენებთ, რომ რონალდ კუმანის თავკაცობით, ნიდერლანდების ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს 1/16 ფინალში გამოეთიშა. ნიდერლანდელები მაროკოსთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დრამატული მატჩი და პენალტების სერია - მაროკო ნიდერლანდებს გასცდა
დრამატული მატჩი და პენალტების სერია - მაროკო ნიდერლანდებს გასცდა