Aa Aa
4 იანვარი 2020  |  17:24

ATP Cup: სანახაობრივი შეხვედრა - ბასილაშვილის ღირსეული თამაში და მარცხი ნადალთან

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიულ ATP Cup-ის გათამაშებაში ჩაება, რომელსაც 3-დან 12 იანვრის ჩათვლით ავსტრალია მასპინძლობს.

საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ერთ-ერთ მთავარ ფავორიტ ესპანეთს დაუპირისპირდა. გახსნითი შეხვედრა ალექსანდრე მეტრეველსა და რობერტო ბაუტისტა აგუტს შორის შედგა, რომელიც ესპანელის გამარჯვებით 6:0, 6:0 დასრულდა.

მეორე და რა თქმა უნდა მთავარი ჯახი რაფაელ ნადალსა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შორის შედგა, რომელიც ესპანელის გამარჯვებით 6:3, 7:5 დასრულდა.

ნადალის ბრწყინვალე დარტყმა

პირველ სეტში ბასილაშვილი საკუთარ ჩაწოდებაზე დამაჯერებლად გამოიყურებოდა. ნიკამ მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვა, რომელიც მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგანმა არ აპატია და სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

ბასილაშვილმა მეორე სეტიც კარგად დაიწყო, თუმცა 2:2-ზე როდესაც საკუთარი ჩაწოდება მოსაგები ჰქონდა და ამისთვის 1 ზუსტი დარტყმა იყო საჭირო, კვლავ შეცდომა დაუშვა, რის შემდეგაც ნადალმა შეხვედრა სათავისოდ წაიყვანა და 5:2 დაწინაურდა.

ამის შემდეგ მოხდა უიშვიათესი რამ - ბასილაშვილმა ზედიზედ 3 გათამაშება მოიგო და ანგარიში გაათანაბრა - 5:5. ნადალის წინააღმდეგ მსგავსი რაღაცის გაკეთება ურთულესია.

ნადალმა უკუბრეიკი მალევე შეასრულა და 6:5-ზე დაწინაურდა. ესპანელმა საკუთარი ჩაწოდება მეტად აღარ დათმო და დამაჯერებლად ჩაატარა. სეტი კი 7:5 მოიგო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ რაფაელ ნადალმა ბასილაშვილის კარგი თამაში აღნიშნა და მას დიდებული მოთამაშე უწოდა:

„ნიკა დიდებული მოთამაშეა. ეს არ იყო ადვილი სტარტი. 5:2-ზე გეიმი კარგად მიმყავდა, შემდეგ ბასილაშვილმა კარგად ითამაშა და მეც რამდენიმე შეცდომა დავუშვი. საბოლოოდ გამარჯვება მოვახერხე“.

უნდა აღინიშნოს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ოპერაციის შემდეგ თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა და სეზონი ღირსეული თამაშით გახსნა.

ნადალის ღირსეული ჟესტი შეხვედრის შემდეგ - ესპანელი საქართველოს ნაკრების წევრებთან მივიდა

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები