შედგება დიდი დაბრუნება?
Aa
Aa

შედგება დიდი დაბრუნება? "ბარსა" გუარდიოლას კანდიდატურას სერიოზულად განიხილავს

ბრიტანული გამოცემა Express-ი ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ 2020 წლის ზაფხულში „ბარსელონა“ პეპ გუარდიოლას დაბრუნებას შეეცდება.

როგორც ცნობილია, პეპს „სიტისთან“ არსებულ კონტრაქტში უდევს პუნქტი, რომლის მიხედვითაც ორივე მხარე იტოვებს უფლებას, 2020 წლის ზაფხულში გადახედონ თავიანთ ურთიერთობასა და შედეგებს, რის შემდეგაც ცალმხრივად კონტრაქტის გაწყვეტის შესაძლებლობა ენიჭებათ.

ბრიტანული პრესა ბოლო დროს აქტიურად წერს, რომ „ქალაქელები“ პეპის მუშაობით იმდენად კმაყოფილები აღარ არიან და მის ჩანაცვლებას პოჩეტინოთი გეგმავენ.

„სიტიმ“ წელს პრემიერლიგის სეზონი უკვე ჩააგდო და ლიდერ „ლივერპულს“ 14 ქულით ჩამორჩება. თუ, გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლას ისევე დაასრულებს როგორც ბოლო წლებში, კლუბი გუარდიოლას სეზონის ბოლოს დაითხოვს. ეს ვერსია დღითიდღე უფრო რეალური ხდება.

Express-ი წერს, რომ ამით სარგებლობას გეგმავს „ბარსა“, რომელიც პეპის დასაბრუნებლად ყოველთვის მზად არის. „გუარდიოლამ იცის, რომ ჩვენ მის დასაბრუნებლად ყოველთვის მზად ვართ. კარი მუდამ ღია არის“, - ეს სიტყვები კატალონიელთა პრეზიდენტს ბართომეუს ეკუთვნის.

ცნობილია ისიც, რომ სეზონის ბოლოს უდიდესი ალბათობით „ბარსას“ ვალვერდე დატოვებს. ესპანურ პრესას თუ დავუჯერებთ, ეს ნებისმიერ შემთხვევაში მოხდება, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ტიტულით დაასრულებს გუნდი სეზონს.

გუარდიოლამ თავის კონტრაქტთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ საინტერესო კომენტარი გააკეთა: კონტრაქტთან დაკავშირებით შემიძლია ღიად ვისაუბრო, რაც მხოლოდ კლუბის პოზიციას არ გულისხმობს. მნიშვნელოვანია ვხედავდე ფეხბურთელების ემოციებს, მათ რეაქციებს. ახალი კონტრაქტის გაფორმება არ არის ისეთი მარტივი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.  მე მსურს ვხედავდე ფეხბურთელებს თუ როგორ ვმუშაობთ ჩვენ ერთად, ვხედავდე მათ რეაქციებს, მათ განწყობებსა და დამოკიდებულებებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.''

როგორც ჩანს, „სიტის“ მოთამაშეები პეპს იმდენად აღარ ენდობიან და მისით ძველებურად აღფრთოვანებულები არ არიან, რაც მათ თამაშს პირდაპირ ეტყობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გუარდიოლას მეუღლე და მისი ერთ-ერთი შვილი საცხოვრებლად ბარსელონაში დაბრუნდა და ამის მიზეზი ინგლისურ ყოველდღიურობასთან შეუგუებლობა იყო.

ყველაფერი იმისკენ მიუთითებს, რომ სეზონის ბოლოს პეპი „სიტის“ დატოვებს. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და რა არჩევანს გააკეთებს თავად გუარდიოლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები