Aa
Aa

ბრწყინვალე მატჩი - ციციპასმა ფედერერი დაამარცხა და ფინალშია!

ლონდონში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე პირველი ფინალისტის ვინაობა გახდა ცნობილი.

21 წლის სტეფანოს ციციპასმა 38 წლის როჯერ ფედერერი 2 სეტში 6:3, 6:4 დაამარცხა და კარიერაში პირველად შემაჯამებელი ტურნირის ფინალს ითამაშებს.

ორივე სეტი ერთმანეთს გავდა. ციციპასმა როჯერს ბრეიკი საწყის ჩაწოდებებზე შეუსრულა, რის შემდეგაც უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია.

ბერძენმა ჩოგბურთელმა 11 (!) ბრეიკის გადარჩენა შეძლო, რამაც საბოლოოდ შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. ფედერერის წინააღმდეგ მსგავსი რამის გაკეთება უდიდეს შრომასა, მონდომებასა და პროფესიონალიზმს საჭიროებს.

„მხიარული როჯერი“ კი მომენტებში ჩვეულ სტილში ბრწყინავდა, თუმცა მან ჯამში მეტოქე 12-დან მხოლოდ ერთხელ დააბრეიკა.

ბრწყინვალე გათამაშება ფედერერის სასარგებლოდ დასრულდა

ფედერერმა შემაჯამებელ ტურნირზე უკვე 17-ჯერ ითამაშა, ეს კი მისი მე-16 ნახევარფინალი იყო.

შეხვედრის შემდეგ, ციციპასმა თავისი კუმირის შესახებ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

„ის ჩემი ინსპირაციის წყაროა, როჯერ ფედერერი ჩემი კუმირია. ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო. მუდმივად ვცდილობ, რომ გავუმჯობესდე.

ბავშვობაში უიმბლდონის ფინალებში ფედერერს ვუყურებდი და ვოცნებობდი, რომ ოდესმე მეც ეს გამეკეთებინა. ის საოცარი ჩოგბურთელია და კორტზე სასწაულებს ახდენს.

მიუხედავად იმისა, რომ ბექჰენდს ორივე ცალი ხელით ვასრულებთ ვთვლი, რომ მაინც განსხვავებული სტილის მოთამაშეები ვართ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები