ჩელსიმ და ლესტერმა მოიგეს, ტოტენჰემი კვლავ კრიზისშია (ვიდეო)
Aa
Aa

ჩელსიმ და ლესტერმა მოიგეს, ტოტენჰემი კვლავ კრიზისშია (ვიდეო)

პრემიერლიგის მე-9 ტურში „ჩელსიმ“ და „ლესტერმა“ მნიშვნელოვანი მატჩები მოიგეს, ხოლო მაურისიო პოჩეტინოს „ტოტენჰემი“ „ბაიერნთან“ განადგურების (2:7) შემდეგ შოკიდან ჯერაც ვერ გამოვიდა.

ფრენკ ლამპარდის გუნდმა „ნიუკასლს“ უმასპინძლა და უდიდესი უპირატესობის მიუხედავად, მხოლოდ 1:0 მოიგო.

„ლურჯებმა“ 71%-იანი ბურთის ფლობას კარისკენ 16 დარტყმაც დაუმატეს, რომელიც გოლად მხოლოდ 73-ე წუთზე მარკოს ალონსომ გარდასახა.

ჩელსი“ ამ მოგების შემდეგ 17 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება, თუმცა ტურის დასრულებისას შესაძლოა რამდენიმე პოზიციით დაქვეითდეს.

რაც შეეხება „ლესტერს“, „მელიებმა“ „ქამბექი“ შემოგვთავაზეს. 26-ე წუთზე ვუდის გოლით დაწინაურებულ „ბარნლის“ მასპინძლებმა ჯეიმი ვარდისა (45 წთ.) და იური ტილემანსის (74 წთ.) გოლებით უპასუხეს.

ბრენდან როჯერსის გუნდი ცხრა ტურის შემდეგ 17 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება, თუმცა შესაძლოა „ჩელსის“ მსგავსაც რამდენიმე საფეხურით „მელიებიც“ დაქვეითდნენ.


თავისი მატჩი ვერ მოიგო კრიზისში მყოფმა „ტოტენჰემმა“. პოჩეტინოს გუნდმა მე-6 წუთზე დუკურეს გოლით დაწინაურებულ „უოტფორდს“ მხოლოდ 86-ე წუთზე უპასუხა.

დელე ალის გოლით „დეზებმა“ ქულა მოიპოვეს. ამ შეხვედრის შემდეგ ლონდონელები სატურნირო ცხრილში 12 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები