„არ ვფიქრობ, რომ ოქროს ბურთს კვარაცხელია მოიგებს“ - მან. იუნაიტედის ყოფილი ფეხბურთელი
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ანდრეი კანჩელსკისმა „ოქროს ბურთის“ მოგების ფავორიტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ამ ჯილდოს მოგებას ვერ შეძლებს. ვეტერანი ნახევარმცველი მიშელ პლატინის სიტყვებს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ფრანგმა ლეგენდამ განაცხადა, რომ ოქროს ბურთის მოგებაზე ფსონს ხვიჩა კვარაცხელიას კანდიდატურაზე ჩამოვიდოდა.
რას ამბობს კანჩელსკისი:
ეს პლატინის აზრია და ყველა ადამიანს თავისი აზრი აქვს. პლატინისთან კამათი სისულელეა და თანაც რატომ? ყველას აქვს საკუთარი აზრი და შეუძლია მისი გამოთქმა. უბრალოდ პლატინი — პიროვნებაა, ფრანგია. ვფიქრობ, თავის დროზე ჩვენც გვყავდა „ოქროს ბურთის“ კანდიდატები, მაგალითად - არშავინი.
მაგრამ რთულია, როცა არ თამაშობ მსოფლიო ჩემპიონატზე. თუ ნაკრები არ თამაშობს, არ გადის ჯგუფიდან, მაშინ რთულია „ოქროს ბურთის“ მოპოვება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ხვიჩა ერთ-ერთი კანდიდატია, მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვა, არ მგონია, რომ ამ ჯილდოს ის მიიღებს.
საქართველოს ნაკრები ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალამდე რომ მისულიყო, მაშინ ის 100%-ით აიღებდა „ოქროს ბურთს“. მაგრამ ყველა ადამიანს თავისი აზრი აქვს, პლატინის აზრს არ შევეკამათები.
- და მაინც, ვინ არის ფავორიტი?
- არ ვიცი, ვინ აიღებს „ოქროს ბურთს“, ამის თქმასაც ვერ გავბედავ. მაგრამ სხვა მოთამაშეებს უფრო მეტი შანსი აქვთ, ვიდრე ხვიჩას. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგონებს იმ პერიოდს, როდესაც ბესტი „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობდა. მაშინ ჩრდილოეთ ირლანდია არ თამაშობდა მსოფლიო ჩემპიონატებზე, კლუბში კი ის საუკეთესო იყო და მთელი მსოფლიო იცნობს მას. ამიტომ ხვიჩასთან დაკავშირებითაც ზუსტად იგივე ისტორიაა, შეიძლება ითქვას, მსგავსია.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოება 26 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება. ისტორიაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც დაჯილდოების ცერემონია საფრანგეთის, უფრო კონკრეტულად კი პარიზის ფარგლებს გარეთ ჩატარდება.