ოფიციალურად:
Aa
Aa

ოფიციალურად: "მილანს" პიოლი გაწვრთნის!

იტალიური "მილანის" ხელმძღვანელობამ სტეფანო პიოლისთან თანამშრომლობის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა და იგი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშნა. 

"შავ-წითლების" ოფიციალური საიტის ცნობით, პიოლიმ ლომბარდიელებთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. აპენინური პრესა წერს, რომ ახალი მწვრთნელის წლიური ანაზღაურება 1.5 მილიონი ევრო იქნება.

ბოლო 5 წლის განმავლობაში პიოლი "მილანის" მე-9 მწვრთნელია, აღსანიშნავია ისიც, რომ იგი მხოლოდ მე-8 ტაქტიკოსია, რომელსაც ორივე მილანური კლუბი გაუწვრთნია. 

პიოლი გასულ სეზონში "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან უარყოფითი შედეგების გამო დაითხოვეს, იქამდე კი ის, სხვა გუნდებთან ერთად, "ბოლონიაში" (2011-14), "ლაციოსა" (2014-16) და "ინტერში" (2016-17) მუშაობდა. იგი უკვე 16 წელია სამწვრთნელო საქმეშია, თუმცა ოფიციალური ტიტული ჯერაც არ მოუგია.

შეგახსენებთ, რომ "როსონერიმ" მარკო ჯამპაოლო გუშინ საღამოს გაათავისუფლა. საერთო ჯამში, იგი „შავ-წითლებს“ მხოლოდ 111 დღის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. თუკი მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლებს არ ჩავთვლით, არცერთ სხვა სპეციალისტს „მილანის“ თავკაცის პოსტზე ასეთი მოკლე პერიოდით არ უმუშავია.

„მილანის“ ტიფოზები პიოლის მათ საყვარელ გუნდში შესაძლო დანიშვნას უკვე გუშინ საღამოს აპროტესტებდნენ და „ტვიტერზე“ სპეციალური ჰეშთეგი - #PioliOut გაავრცელეს, რომელიც გუშინ ამ სოციალურ ქსელში ყველაზე ხშირად გამოყენებადი ჰეშთეგი გახლდათ.

სტეფანო პიოლის მილანური დებიუტი 20 ოქტომბერს, "სან სიროზე" გასამართ "ლეჩესთან" სერია A-ს მატჩისას შედგება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები