ჯამპაოლომ
Aa
Aa

ჯამპაოლომ "მილანის" 120-წლიან ისტორიაში უნიკალური ანტირეკორდი დაამყარა

„მილანიდან“ გათავისუფლებულმა მწვრთნელმა, მარკო ჯამპაოლომ, კლუბის 120-წლიან ისტორიაში ახალი ანტირეკორდი დაამყარა.

ჯამპაოლომ „როსონერი“ ზაფხულში ჩაიბარა, პოსტიდან კი გუშინ დაითხოვეს, საერთო ჯამში, იგი „შავ-წითლებს“ მხოლოდ 111 დღის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. თუკი მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლებს არ ჩავთვლით, არცერთ სხვა სპეციალისტს „მილანის“ თავკაცის პოსტზე ასეთი მოკლე პერიოდით არ უმუშავია.

52 წლის ტაქტიკოსი „დიავოლოს“ მხოლოდ 7 მატჩში გაუძღვა, რომელთაგანაც გუნდმა 3 მოიგო და 4 დათმო. „როსონერი“ სერია A-ს ცხრილში მე-13 ადგილზე იმყოფება.

„შავ-წითლებმა“ ჯამპაოლოს გაშვების შესახებ ოფიციალურად გუშინ საღამოს გამოაცხადეს. იტალიური პრესის ინფორმაციით, მას პოსტზე სტეფანო პიოლი ჩაანაცვლებს, რომელიც კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზეა და შეთანხმება პრობლემა არ უნდა გახდეს. მხარეები, სავარაუდოდ, 1+1 სისტემის კონტრაქტს გააფორმებენ.

პიოლი სხვადასხვა დროს „ლაციოს“, „ინტერს“, „ბოლონიას“, „პალერმოსა“ და „კიევოს“ წვრთნიდა, გასულ სეზონში კი „ფიორენტინადან“ უარყოფითი შედეგების გამო დაითხოვეს.

აღსანიშნავია, რომ „მილანის“ ტიფოზები პიოლის მათ საყვარელ გუნდში შესაძლო დანიშვნას უკვე აპროტესტებენ და „ტვიტერზე“ სპეციალური ჰეშთეგი - #PioliOut გაავრცელეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები