Aa
Aa

"სამპდორიამ" დი ფრანჩესკო დანიშვნიდან 4 თვის შემდეგ გაათავისუფლა

გენუის "სამპდორიას" ხელმძღვანელობამ ეუსებიო დი ფრანჩესკო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა. "ბლუჩერკიატის" ბოსების გადაწყვეტილების მიზეზი კლუბის მიერ ნაჩვენები ცუდი შედეგები გახდა.

"სამპდორიამ" იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყო და 7 ტურის შემდეგ მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა, რითაც სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე იმყოფება.

როგორც გენუელთა განცხადებაში წერია, მხარეებმა კონტრაქტი ურთიერთშეთახმების საფუძველზე გაწყვიტეს. დი ფრანჩესკოს "სამპასთან" 3-წლიანი ხელშეკრულება ჰქონდა და იგი საკომპენსაციოდ მისი პირველი სეზონის ანაზღაურებას - 1.8 მილიონ ევროს მიიღებს.

იტალიური პრესის ცნობით, დი ფრანჩესკოს შეცვლის მთავარი კანდიდატი ჯუზეპე იაკინია, რომელიც "ბლუჩერკიატის" 2011-2012 წლების სეზონში სერია B-ში ასპარეზობისას წვრთნიდა და გუნდი უმაღლეს დივიზიონში დააბრუნა.

ეუსებიო დი ფრანჩესკო "სამპას" მთავარ მწვრთნელად ივნისში დაინიშნა. იგი გასული სეზონის მიმდინარეობისას "რომას" თავკაცის პოსტიდანაც დაითხოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები