„წიხლი ებრაელებს - ესპანეთი ქრისტიანულია და არა მუსლიმური“ - რეალის ქომაგები
Aa
Aa

„წიხლი ებრაელებს - ესპანეთი ქრისტიანულია და არა მუსლიმური“ - რეალის ქომაგები

ესპანეთის ებრაული თემების ფედერაციამ (FCJE) ესპანეთის სამეფო საფეხბურთო ფედერაციის (RFEF) პრეზიდენტს, რაფაელ ლუსანს, „რეალის“ გულშემატკივართა ჯგუფის ქცევის გამო მიმართა.

როგორც Sport იუწყება, ორგანიზაციამ ლუსანს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მადრიდელებისა და „ინტერის“ (2:1) მატჩის წინ „სანტიაგო ბერნაბეუსთან“ გაჟღერებული ანტისემიტური და ანტიმუსლიმური შეძახილების გამო „ღრმა შეშფოთება და გადაჭრით მიუღებლობა“ გამოხატა.

წერილში აღნიშნულია, რომ ახალგაზრდა გულშემატკივართა ჯგუფი, ძალადობისკენ მოწოდების შემცველ ანტისემიტურ ლოზუნგებს სკანდირებდა. მოყვანილია ასეთი შეძახილები: „ებრაელს თუ დავინახავ - წიხლს ვუთავაზებ“ და „ესპანეთი ქრისტიანულია და არა მუსლიმური“.

FCJE-მ მსგავს გამონათქვამებს „უკიდურესი სერიოზულობის“ გამოვლინება უწოდა. ორგანიზაციაში ხაზი გაუსვეს, რომ ეს ქმედებები „რეალის“ ყველა გულშემატკივრის პოზიციას არ ასახავს.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ მსგავსი ქცევა მადრიდის „რეალის“ ყველა გულშემატკივარს არ წარმოადგენს“,

- ნათქვამია მიმართვაში.

მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტი ევროთასის მატჩის წინ მოხდა, FCJE მიიჩნევს, რომ RFEF-მა საჯაროდ და მკაცრად უნდა დაგმოს მსგავსი გამოვლინებები და კლუბები წაახალისოს, რათა შეუწყნარებლობის ახალი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ზომები მიიღონ.

ორგანიზაციამ ასევე გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი სპორტში ანტისემიტიზმისა და დისკრიმინაციის სხვა ფორმების წინააღმდეგ ბრძოლის პროექტებში. წერილს ხელი FCJE-ის პრეზიდენტმა, დავიდ ობადია ჩოკრონმა მოაწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები