თუ რუსულ კლუბებს ევროპულ ტურნირებზე დაუშვებენ... | UEFA-მ დოკუმენტი გამოაქვეყნა
UEFA-მ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც რუსულ კლუბებს ეხება. იმ შემთხვევაში თუ UEFA ევრპულ ტურნირებზე რუსულ კლუბებს დაუშვებს, რუსეთის ჩემპიონატის ოთხი გუნდი ევროპულ ტურნირებზე ითამაშებს.
UEFA-მ გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც მითითებულია 2027/28 წლების სეზონის ევროთასებზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების რაოდენობა. რუსეთი საერთო სიაში 28-ე ადგილზეა შეყვანილი. მოსალოდნელია, რომ რუსული გუნდებისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნის შემთხვევაში, ტურნირებში მონაწილეობას ოთხი კლუბი მიიღებს. ჩემპიონატის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის 1-ელ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელები — კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე, რუსეთის თასის მფლობელი - ევროპა ლიგის 1-ელ საკვალიფიკაციო ეტაპზე.
მიმდინარე წლის თებერვალში ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს, UEFA-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა განაცხადა: „UEFA-ს პოზიცია მკაფიოა და არ შეცვლილა, თუმცა სიტუაციას ყოველდღიურად ვაკვირდებით. მსოფლიო ისე სწრაფად იცვლება, რომ რთულია ყველაფერს თვალი მიადევნო. ვნახოთ, მომავალში რა მოხდება.“
მოვლენების განვითარება დამოკიდებული იქნება იმაზე, დაუშვებენ თუ არა რუსეთს საერთაშორისო ტურნირებზე.
2022 წლის თებერვალში რუსეთმა უკრაინაში ინტერვენცია დაიწყო, ამის გამო რუსეთის ნაკრებები და რუსული კლუბები FIFA-სა და UEFA-ს ეგიდით გამართული შეჯიბრებებიდან მოკვეთეს და დისკვალიფიკაცია დღემდე გრძელდება. ვიდრე ომი მიმდინარეობს, დისკვალიფიკაციის მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა. ამის მიუხედავად, UEFA-მ აღნიშნული დოკუმენტი გამოაქვეყნა.