Aa
Aa

ზიდანი: "მინდა, რომ ამ ტაიმში ნაჩვენები სათამაშო დონე შევინარჩუნოთ"

ზინედინ ზიდანის „რეალის“ წარუმატებლობა გრძელდება და ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, „ბრიუგესთან“ ნათამაშები 2:2-ის შემდეგ, „ბლანკოსმა“ ისტორიული ანტირეკორდი დაამყარა.

ამ ტურნირის ისტორიაში პირველად მოხდა, როცა „სამეფო კლუბმა“ ჯგუფური ეტაპის საწყის ორ ტურში ვერცერთი მატჩი ვერ მოიგო.

გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ზიდანი მედიის წარმომადგენლებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა პირველი გოლი სასაცილო ვითარებაში გაუშვა.

„თამაში ცუდად დავიწყეთ და პირველი 10 წუთი კონცენტრაციის მოხდენასა და ზონების შევსებას ვერ ვახერხებდით, რაც მეტოქეს საშუალებას აძლევდა, ჩვენთვის პრობლემები შეექმნა. რა თქმა უნდა, პირველი გოლი ძალიან სასაცილო იყო.

პირველი ტაიმი ცუდი იყო, თუმცა მეორე კარდინალურად განსხვავებული გამოდგა, ისე ვითამაშეთ, როგორც აქამდე არასდროს გაგვიკეთებია და მინდა, რომ ამ ტაიმში ნაჩვენები სათამაშო დონე შევინარჩუნოთ.

რა თქმა უნდა, აღებული ქულით ბედნიერი ვერ ვიქნები, მაგრამ 0:2-ზე ნაჩვენები რეაქციით ნამდვილად ბედნიერი ვარ. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ სიტუაცია უნდა შეეცვალათ და მათ ეს გააკეთეს. ისინი მოედანზე უფრო მეტად კონცენტრირებული გამოვიდნენ და თამაშის სადავეები ხელში აიღეს“.

„რეალის“ ისტორიაში ასევე პირველად მოხდა, როცა გუნდმა ევროტურნირების ზედიზედ 3 საშინაო მატჩში მინიმუმ 2 გოლი გაუშვა. აღსანიშნავია ისიც, რომ „ბლანკოსმა“ ჩემპიონთა ლიგაზე 2-ბურთიანი ჩამორჩენა 2006 წლის შემდეგ პირველად აღმოფხვრა - მაშინ კიევის „დინამოსთან“ შეხვედრა ასევე 2:2 დასრულდა.

სერხიო რამოსი კი ჯონ ტერის რეკორდს გაუთანაბრდა - 2003-2004 წლების სეზონის შემდეგ მცველებს შორის ჩემპიონთა ლიგაზე ორივე ამ ფეხბურთელს თავური დარტყმით 7-7 გოლი აქვს გატანილი.

„რეალი“ ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ტურში „გალათასარაის“ ესტუმრება, „ბრიუგე“ კი ჯგუფის ლიდერ პსჟ-ს დაუხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები