მართლა? ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ | სიმეონეს ალვარესზე ჰკითხეს
ლა ლიგის მე-4 ტურში ედინ ტერზიჩის გაწვრთნილმა ბილბაოს ატლეტიკმა სან მამესზე მადრიდის ატლეტიკოს 3:0 მოუგო. გოლები ნიკო უილიამსის, რობერტ ნავაროსა და ოიან სანსეტის ანგარიშზეა.
მარცხის შემდეგ ატლეტიკოს მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე ესპანურ მედიას ესაუბრა.
მეორე ტაიმის დასაწყისში კონცენტრაციის დაკარგვაზე
„თამაში ისეთი იყო, რაც ყველამ დავინახეთ. კარგი პირველი ტაიმი და ყურადღების მოდუნების ორი წუთი, რა დროსაც გარკვეული სიტუაციები უკეთ უნდა გაგვეკონტროლებინა. „ატლეტიკმა“ ამ გათიშვის მომენტით ისარგებლა. მათ დამსახურებულად გაიმარჯვეს.“
რა უფრო მტკივნეულია — მარცხი თუ გუნდის გათიშვა?
„მეორე ტაიმის წინ თამაში ძალიან კარგად მიმდინარეობდა. თუმცა, იმ ორ წუთში პრობლემები სათანადოდ ვერ მოვაგვარეთ. ეს სამწვრთნელო შტაბის პასუხისმგებლობაა, რადგან ფეხბურთელებს არ მივეცით ისეთი მითითებები, რაც სიტუაციის გამოსწორებაში დაეხმარებოდათ.“
გათიშვის მიზეზზე
„სამწვრთნელო შტაბმა ვერ შეძლო მოთამაშეებამდე იმის მიტანა, რაც მათ სჭირდებოდათ.“
პირველი ტაიმი უფრო გაძლევთ იმედს, თუ მეორე გაშფოთებთ?
„ჩვენ გუნდის შენების პროცესში ვართ და რთული პერიოდების გავლა მოგვიწევს. კარგად დავიწყეთ, მაგრამ დღევანდელმა ორმა წუთმა სერიოზული დარტყმა მოგვაყენა, რაზეც რეაგირება უნდა მოვახდინოთ.“
მერე ხულიანი (ალვარესი) გასახურებლად აღარ გამოსულა...
„მართლა? ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.“