„ბურთთან ერთად ასხივებს და დიდ სიამოვნებას მანიჭებს“ - პეტისთვის ოქროს ბურთი ხვიჩას ეკუთვნის
მიშელ პლატინი, ტიერი ანრი, ჟერომ როტენი, ბაქარი სანია, სამირ ნასრი, ტონი კროოსი - ამ ფეხბურთელებს საერთო მოსაზრება აქვთ და ისინი თვლიან, რომ წელს „ოქროს ბურთის“ მოგებას ხვიჩა კვარაცხელია იმსახურებს. მათ რიგებს კი სულ ახალახანს კიდევ ერთი ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი ემანუელ პეტი შეუერთდა, რომელსაც საფეხბურთო მოედანზე კოლოსალური გამოცდილება აქვს დაგროვებული და 1998 წელს მსოფლიოს ჩემპიონი ისე გახდა, რომ ზინედინ ზიდანის დუბლის შემდეგ ფინალში ბრაზილიელებს მესამე გოლი სწორედ მან გაუტანა.
ემანუელ პეტი
ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო და მთელი სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, რის გამოც კვარაცხელიას და ფაბიან რუისის ერთ დონეზე დაყენება უბრალოდ სასაცილოა და სხვა არაფერი. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ქართველი ფეხბურთელის თამაშისგან უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, რომელიც ბურთთან ერთად უბრალოდ ასხივებს, ნებისმიერ მეტოქეს მყისიერ საფრთხეს უქმნის და ჯერჯერობით ვერ ვხედავ მოთამაშეს, რომელსაც მისი შეჩერება შეუძლია.
კვარამ შეავსო იმ ფეხბურთელების მოკლე სია, რომლებიც სანაკრებო დონეზე ვერასოდეს ვერაფერს მოიგებენ, რადგან საქართველოს ეროვნულ გუნდში მას შესაბამისი ხარისხის თანაგუნდელები არ ჰყავს. ასე რომ, თუ ჩვენ „ოქროს ბურთის“ გადაცემისას, მთავარ კრიტერიუმად მსოფლიოს ჩემპიონატს ჩავთვლით, მაშინ ამით გამოვხატავთ ზიზღს და დაუფასებლობას ისეთი მშვენიერი ფეხბურთელის მიმართ, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც მუნდიალს ვერასოდეს მოიგებს.
ცნობისათვის, ხვიჩა კვარაცხელია გასულ სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად სრულიად სამართლიანად დასახელდა, რადგან მან თითქმის ყველა მნიშვნელოვან თამაშში გადამწყვეტი სიტყვა თქვა და ფლეი-ოფში ზედიზედ შესრულებული საგოლე ქმედებების რაოდენობით ყველა დროის რეკორდსმენი გახდა. გარდა ამისა, ფინალში, როდესაც პარიზელები „არსენალთან“ მარცხდებოდნენ, ლონდონელების დაცვა სწორედ ხვიჩამ გატეხა და „სენ-ჟერმენს“ 11-მეტრიანის შესრულების უფლება მოუტანა.