ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ყიფიანმა მითხრა, რომ ქინქლაძემ აჯობა და ქინქლაძის აზრით, ხვიჩა მასზე უკეთესია“ - ინტერვიუ მამუკა კვარაცხელიასთან

რაც უფრო ახლოვდება 26 ოქტომბერი, ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრის მოლოდინი მით უფრო იზრდება. ისტორიაში პირველად არსებობს რეალური შანსი იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელმა ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდო მოიგოს. წყალი არ გაუვა იმ ფაქტს, რომ ლონდონში გასამართ ცერემონიაზე ხვიჩა კვარაცხელია ყურადღების ცენტრში იქნება, რაზეც ფეხბურთის ლეგენდების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული კომენტარებიც მეტყველებს. ხვიჩას ოჯახის ახლო მეგობარმა და უეფას მედია ოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სწორედ ამ თემაზე ილაპარაკა და მასთან საკმაოდ საინტერესო საუბარი გამოგვივიდა.

მამუკა კვარაცხელია

სადაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს, ხვიჩა ჩემთვის ყოველთვის ფავორიტი იქნება, მაგრამ ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ ნამდვილად ასეა. მხოლოდ მე ხომ არ ვამბობ ამას? ამბობს მიშელ პლატინი, ამბობს სამირ ნასრი. ასევე კვარას აქებენ ძალიან დიდი ფეხბურთელები ტიერი ანრი და გარი ლინეკერი. ეს ხალხი აცხადებს, რომ საუკეთესო წელს ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც „ოქროს ბურთს“ იმსახურებს და ამაზე მეტად და კარგად მე როგორ ვთქვა?!

რამ შეიძლება კვარას გამარჯვებაში ხელი შეუშალოს? ბევრი სუბიექტური მომენტია, ყველა კაპიტანი და მწვრთნელი ალბათ თავისი ქვეყნის წარმომადგენელს დაუჭერს მხარს, მაგრამ მე მაინც ობიექტურობის იმედი მაქვს. მუნდიალს ჩრდილს არ ვაყენებ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა მთელი წელი გრძელდება, მსოფლიოს ჩემპიონატი კი მხოლოდ ერთი თვეა, სადაც ხვიჩას დონის ინდივიდუალური ფეხბურთი ვერავინ ითამაშა.

განსაკუთრებით მახარებს ანრის და პლატინის შეფასებები, რადგან მათ დიდი ფეხბურთი აქვთ ნათამაშები და უკეთესად გრძნობენ, თუ აფასებენ ამ თუ იმ ფეხბურთელის შესაძლებლობებს. მე კარგად მახსოვს 1984 წლის ევროპის ჩემპიონატი, რომელიც პლატინიმ პრაქტიკულად მარტომ მოიგო და მისგან კომპლიმენტები მართლაც დასაფასებელია. ერთხელ, როდესაც ლუის ენრიკეს ხვიჩას შეფასება სთხოვეს, მან თქვა, რომ გარდა თავისი ჯადოსნური თამაშისა, კვარას ბურთის მიღების დროს მეორე ფლანგზე რა ხდება ამას უნდა დავაკვირდეთ, სადაც მის თანაგუნდელებს სრული თავისუფლება აქვთ. როდესაც ხვიჩა შეტევას იწყებს, 4-5 მცველის ყურადღება მისკენ გადმოდის და სწორედ ამიტომ იტანდა ოსიმენი ამდენ გოლს და სწორედ ამიტომ გამოჩნდა სულ სხვა თვისებებით დემბელე „პარი სენ-ჟერმენში“.

როდის გავიცანი ხვიჩა? გადმოცემით ვიცოდი, რომ ბადრი კვარაცხელიას შვილი ფეხბურთზე დადიოდა, მაგრამ როდესაც ვნახე ყაზახეთში გამართულ ასაკობრივი ნაკრებების ტურნირზე რუსეთის გუნდის კარში მის მიერ გატანილი საოცარი გოლი, სადაც ლამის მთელი რუსეთი მოატყუა დიდიან-პატარიანად, აი მაშინ მივხვდი, რომ ახალი, ძალიან დიდი, ქინქლაძის და ყიფიანის დონის ვარსკვლავი დაიბადა. სხვათა შორის, თავის დროზე დავით ყიფიანმა მითხრა პირადად, რომ ქინქლაძე მასზე მაგარი იყო და ქინქიმ მითხრა ცოტა ხნის წინ, რომ კვარა ჩემზე მაგარიაო.

ხვიჩას საფეხბურთო გენები აქვს და საფეხბურთო ოჯახიდანაა - ბადრის შესახებ ასე თუ ისე ყველამ იცით, კვარას ბაბუაც ფეხბურთელი იყო და მეტსახელად მაკრატელას ეძახდნენ. გარდა ამისა, ხვიჩას ბიძა თამაზ კვარაცხელიაც წალენჯიხის გუნდში ფეხბურთს თამაშობდა. ახლა ყველა ვუყურებთ „დინამო თბილისში“ თორნიკეს, რომელიც ერთი ერთში ხვიჩაა. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ჩემი აზრით თოკო ფიზიკურად ამ ასაკში უკეთესად გამოიყურებოდა, ვიდრე ხვიჩა იყო. მაგარი ბიჭი იზრდება თორნიკე - 16 წლის რომ ამხელა გუნდის ლიდერი იქნება, საუბარი ზედმეტია. მან არამხოლოდ Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში, არამედ ევროტურნირებზეც გამოავლინა საკუთარი შესაძლებლობები. თორნიკეზე იყო „დინამოს“ წარმატებები დამოკიდებული და როდესაც ის მოედნიდან გავიდა, სწორედ მაშინ გვაჭამა ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა კიდევ ერთი სირცხვილი. იმედია, ძმები კვარაცხელიები ერთად ითამაშებენ და მერე უკვე დამიანეს დაველოდოთ.

ცნობისათვის, ოფიციალური მონაცემებით, „ოქროს ბურთის“ მიღების დროს ესა თუ ის ფეხბურთელი 1 აგვისტოდან მომავალი წლის 1 აგვისტომდე ნაჩვენები შედეგებით ფასდება, თუმცა ხშირ შემთხვევაში ყურადღებას ამ პერიოდის შემდეგ გამართულ მატჩებსაც აქცევენ. აქვე გეტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელია მომდევნო მატჩს პარასკევს ჩაატარებს, როდესაც საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ „მონაკოს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ოქროს ბურთს კვარაზე მეტად არავინ იმსახურებს“ - სამირ ნასრი
„ოქროს ბურთს კვარაზე მეტად არავინ იმსახურებს“ - სამირ ნასრი