„კალენდარი ალბათ იტალიელმა შეადგინა“ | ჟოზე მოურინიო ლიგის მატჩის წინ
ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება. ლიგის ფაზის პირველი ტურის შეხვედრები 8 სექტემბერს გაიმართება და ყველაზე საინტერესო მატჩს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ვიხილავთ. მადრიდის „რეალი“ „ინტერს“ დაუპირისპირდება, თამაშის წინ კი „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა.
„რა თქმა უნდა, მოგება მინდა. შემიძლია გითხრათ, რომ კარგი თამაში მსურს, მაგრამ არ მინდა ისე კარგად ვითამაშოთ, როგორც „ბეტისთან“ და დავმარცხდეთ. ახლა ისეთ ეტაპზე ვართ, რომელზეც რვა მატჩს ვატარებთ და მთავარი ამოცანა პლეი-ოფში გასვლაა.
როგორი გუნდი დამხვდა? „რეალი“ „რეალია“ — ამით ყველაფერი ნათქვამია. მათ რთული სეზონი ჰქონდათ. ასეთ შემთხვევაში არის რაღაცები, რაც შეგვიძლია, სტაბილურობითა და დეტალებზე მუშაობით გამოვასწოროთ. ყველა მატჩისა და ყველა ტურნირის მოგება გვსურს. სწორედ სტაბილურობის ამ დონისკენ უნდა ვისწრაფოდეთ.
„ბეტისთან“ მატჩი? მსაჯის გადაწყვეტილებებზე საუბარი არ მსურს. თქვენს შეკითხვას თავს ავარიდებ, მაპატიეთ. „ბეტისთან“ იმიტომ დავმარცხდით, რომ საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ. მაგრამ პენალტი... რატომ არ შეგვასრულებინეს ახლიდან? იმიტომ, რომ VAR-მა წესები არ იცის, თუ იმიტომ, რომ ეს არ უნდოდათ? თუ VAR-მა პენალტი იმის გამო არ გადაათამაშა, რომ წესები არ იცოდა, სახლში უნდა წავიდნენ და VAR-ზე მუშაობა შეწყვიტონ. ხოლო თუ იმიტომ, რომ არ სურდათ — ეს კიდევ უფრო უარესია.
თუ წესები არ იცოდნენ, რატომ არ დაუძახეს მსაჯს ეკრანთან ეპიზოდის გადასამოწმებლად? უცნაურია. მკაფიოდ მინდა აღვნიშნო, რომ ამის გამო არ დავმარცხებულვართ, რადგან, შესაძლოა, ხელმეორედ დარტყმული პენალტიც ვერ გამოგვეყენებინა, თუმცა მაინც მაინტერესებს, რატომ არ შეგვასრულებინეს ახლიდან. მეორე საკითხი კი ის არის, თუ რატომ მიიღო ყვითელი ბარათი კაპიტანმა ვინისიუს ჟუნიორმა. იგი მსაჯთან მივიდა და გააფრთხილეს. კაპიტანს აქვს უფლება, მივიდეს მსაჯთან და განმარტება სთხოვოს.
რაც შეეხება ხვალინდელ შეხვედრას, მიუხედავად იმისა, რომ სამი დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი გვყავს, შეხვედრა მაინც 11 11-ზე იქნება. თუმცა, დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების ფონზე თამაში ნამდვილად რთულია. ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის კალენდარი იტალიელის შედგენილია“.
ცნობისთვის, „რეალისა“ და „ინტერის“ დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ხვალ გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალის“ თამაშსაც ვიხილავთ, რომელიც იმავე დროს აიღებს სტარტს.