ქოჩორაშვილმა ძირითადში პირველად დაიწყო - სევილიამ ქულა აიღო
გიორგი ქოჩორაშვილი „სევილიას“ ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდა. წინა ტურში „ატლეტიკოსთან“ (1:3) წაგებულ საშინაო მატჩში ქართველი ნახევარმცველი ცვლილებაზე იმდენად კარგად ჩაერთო, რომ როგორც ჩანს, მთავარი მწვრთნელის ლუის გარსიას სიმპათიები დაიმსახურა და მას ამჯერად „ესპანიოლთან“ გასვლით შეხვედრაში სასტარტოში ანდო ადგილი.
გიორგიმ თამაში აქტიურად დაიწყო და სამწუხაროდ, არბიტრმა პირველივე უხეშობა არ აპატია და მე-2 წუთზე ყვითელი ბარათი უჩვენა. პირველი ტაიმის დარჩენილ დროში ქოჩორაშვილმა კიდევ ერთხელ იუხეშა და გაძევებას გადაურჩა. ყოველივე აქედან გამომდინარე, ანდალუსიელების მწვრთნელი რისკს მოერიდა და ქართველი ნახევარმცველი მეორე ტაიმის დასაწყისშივე, 55-ე წუთზე შეცვალა. მთლიანობაში ქოჩორაშვილის 28 პასიდან 23 ზუსტი აღმოჩნდა, რაც 82-პროცენტიანი მაჩვენებელია. ბურთს 42-ჯერ შეეხო, დრიბლინგის ერთადერთი მცდელობა წარუმატებლად დაასრულა და ხუთიდან ორი ორთაბრძოლა მოიგო.
უშუალოდ თამაშს რაც შეეხება. არუნა სანგანტეს გაძევების გამო, „სევილია“ 56-ე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში თამაშობდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ანდალუსიელებმა ხასიათის სიმტკიცე გამოავლინეს და ზურიკო დავითაშვილის ყოფილი თანაგუნდელის ერთადერთი გოლით დაწინაურდნენ. დიახ, მაშინ როდესაც მასპინძლები გადამწყვეტი შტურმისთვის ემზადებოდნენ, ლუკას სტასენმა შექმნილი შანსი გამოიყენა და „ესპანიოლის“ იმედებს ცივი შხაპი გადაასხა. თითქოს, ყრუ დაცვაში ჩამდგარი „სევილიას“ გამარჯვებას საფრთხე აღარ უნდა დამუქრებოდა, თუმცა კატალონიელები არ დანებდნენ და ცვლილებაზე შესულმა მარკოს ფერნანდეს სანჩესმა საბოლოო ანგარიში, 1:1 დააფიქსირა.
ცნობისათვის, ოთხი ტურის შემდეგ დაგროვებული 7 ქულით „სევილია“ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას გიორგი ქოჩორაშვილი და მისი თანაგუნდელები 11 სექტემბერს, საკუთარ სტადიონზე „ვალენსიასთან“ გამართავენ, რომელიც თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.