Aa
Aa

გინესის საჩოგბურთო რეკორდი? - "რეალს" ფედერერი-ნადალის "ბერნაბეუზე" ჩატარება სურს

მადრიდის „რეალს“ სურვილი აქვს, რომ ჩოგბურთის ისტორიაში შევიდეს და ფედერერი-ნადალის სუპერმატჩს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ უმასპინძლოს. არენა 81 044 გულშემატკივარს იტევს და თუკი შეხვედრა ანშლაგის ფონზე ჩატარდა, ჩოგბურთის ისტორიაში დასწრების რეკორდი დამყარდება.

კლუბის ეს ინიციატივა მისმა პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, გაახმოვანა, რომელიც გამოცემა AS-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ ეს მცდელობა კლუბს რამდენჯერმე აქამდეც ჰქონდა, თუმცა მის განხორციელებას გარკვეული ფაქტორები ხელს უშლიდა.

„ნადალისა და ფედერერის მატჩის „ბერნაბეუზე“ მასპინძლობის სურვილი აქამდეც გვქონდა და რამდენჯერმე საქმე დაიძრა კიდეც, თუმცა გარკვეულმა ფაქტორებმა, მათ შორის, ჩოგბურთელთა ტრავმებმა, გეგმის შესრულებაში ხელი შეგვიშალა.

მართლაც, ეს ჩოგბურთის ისტორიაში შესვლასა და გინესის რეკორდის დამყარებას ნიშნავს. კარგია, რომ კარიერის დასრულებას ჯერ არცერთი არ აპირებს, ასე რომ, საამისოდ შანსი და დრო კიდევ გვექნება“.

ჩოგბურთში ამჟამინდელი რეკორდი სერენა უილიამსისა და კიმ კლაისტერსის საჩვენებელ მატჩს ეკუთვნის. შეხვედრა, რომელიც კლაისტერსმა მოიგო, ბრიუსელში 2010 წელს გაიმართა და მას 35 681 ადამიანი დაესწრო.

დიდი შანსია, ეს რეკორდი მომავალი წლის თებერვალში მოიხსნას, რადგან სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპ ტაუნში 55 000-იან არენაზე საქველმოქმედო საჩოგბურთო შეხვედრა, სახელწოდებით - „მატჩი აფრიკაში“ იგეგმება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები