Aa
Aa

მეგობრული ფრე "ეტიჰედზე" - კომპანი "სიტიდან" გააცილეს

„მანჩესტერ სიტის“ ყველა დროის ყველაზე წარმატებული კაპიტანი, ვენსან კომპანი, კლუბიდან 51 615 გულშემატკივრის თვალწინ სპეციალური მატჩით გააცილეს.

„სიტის“ ლეგენდების გუნდი პრემიერ ლიგის ყველა ვარსკვლავს დაუპირისპირდა და შეხვედრა 2:2 დასრულდა. თამაშში ანგარიში მანჩესტერელებმა გახსნეს - თავი მარტინ პეტროვმა გამოიჩინა, რასაც პირველ ტაიმში ვან პერსის ელეგანტური პასი და რობი კინის გოლი მოჰყვა.

მეორე ნახევარში პრემიერ ლიგის ყველა ვარსკვლავის გუნდი იმავე ვან პერსიმ დააწინაურა, საბოლოო ანგარიში კი ზიმბაბველმა ბენჯანი მვარუვარიმ თავური დარტყმით დააფიქსირა.

„სიტის“ ლეგენდებს პეპ გუარდიოლა წვრთნიდა, ხოლო პრემიერ ლიგის ყველა ვარსკვლავის გუნდის დამრიგებელი რობერტო მარტინესი გახლდათ.

ირონიული, მაგრამ სიმბოლურია, რომ კომპანის თავისსავე გაცილების მატჩში მონაწილეობა ტრავმის გამო არ მიუღია. უნიჭიერესი ბელგიელი მცველის კარიერა დიდწილად სწორედ დაზიანებებმა შეაფერხა.

ვენსან კომპანი „სიტის“ რიგებში 11 წლის განმავლობაში თამაშობდა, ბოლო 8 წელი საერთოდ გუნდის კაპიტნის სტატუსი ჰქონდა. კომპანის კაპიტნობისას „ქალაქელებმა“ ჯამში 12 ტიტული მოიგეს, მათ შორის 4-ჯერ ინგლისის პრემიერ ლიგა.

33 წლის ბელგიელი მცველი ზაფხულში მშობლიურ „ანდერლეხტს“ დაუბრუნდა და მოთამაშე-მწვრთნელის ფუნქციები შეითავსა, თუმცა მწვრთნელის პოსტიდან მალევე გაათავისუფლეს და ახლა მხოლოდ ფეხბურთელის ამპლუაში ყოფნა უწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები