„შეცვლას მიპირებდა და არ მესიამოვნა“ - შერკიმ ჰოლანდს მოუბოდიშა
მიმდინარე სეზონში რაიან შერკი „მანჩესტერ სიტისთვის“ საკვანძო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. თუ ინგლისის პრემიერლიგის პირველ ტურში „ბორნმუთთან“ (2:1) ფრანგმა ნახევარმცველმა თავი ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა, გუშინ, ლონდონში „კრისტალ პალასთან“ (4:1) მატჩში დუბლი მიითვალა. თუმცა, სანამ ამას გააკეთებდა, თავისუფლად შეიძლებოდა, რომ მთავარ მწვრთნელს ის შეეცვალა, რაზეც ყურადღება თავად „ქალაქელების“ ათიანმაც გაამახვილა.
რაიან შერკი
პირველ ტაიმში თავისუფალი ზონების ათვისება არ გამოდიოდა და გამოვიყურებოდი არა როგორც უმაღლესი კლასის ფეხბურთელი, არამედ ნაგავი. შევნიშნე, რომ ენცო მარესკა შეცვლას მიპირებდა, რაც ძალიან არ მესიამოვნა და გადავწყვიტე მისთვის დამემტკიცებინა, რომ თამაშის დიდი სურვილი მქონდა. დუბლი შევასრულე, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ რამდენიმე ეპიზოდში ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფ ერლინგ ჰოლანდს გადაცემა დავუგვიანე, რასაც მომდევნო შეხვედრებში გამოვასწორებ.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონშო რაიან შერკიმ „მანჩესტერ სიტის“ რიგებში ყველა ტურნირზე 4 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი შეასრულა. წელს კი ორ მატჩში მის ანგარიშზე უკვე 2 გოლი და 2 ასისტია. აქვე გეტყვით, რომ მომდევნო ტურში მანჩესტერელები „ეტიჰად სთედიუმზე“ პრემიერლიგის დებიუტანტს, „ქოვენთრის“ უმასპინძლებენ და მატჩი 5 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.