Aa
Aa

რაფა ისევ მწვერვალზე! - მე-19 დიდი სლემი და 1 ტიტული ფედერერის რეკორდამდე

რაფაელ ნადალმა ამერიკის ღია პირველობის ფინალში დანილ მედვედევი დაამარცხა და კარიერაში დიდი სლემის მე-19 ტიტული მოიგო. ლეგენდარული ესპანელი US OPEN-ის მე-4 ჩემპიონობას უმიზნებდა, მედვედევი კი დიდი სლემის ტურირნის ფინალში პირველად თამაშობდა.

„არტურ ეშის“ სახელობის კორტზე 23 000-ზე მეტმა გულშემატკივარმა 4 საათსა და 51 წუთს გაგრძელებული ძალიან საინტერესო შეხვედრა იხილა.

ნადალი სეტებში 2:0 დაწინაურდა და მესამე პარტიაც ბრეიკით წაიყვანა, თუმცა რუსმა თამაში გამოასწორა და იმდენი გააკეთა, საქმე მე-5 სეტამდე მიიყვანა.

იქაც თავდაპირველად ბრეიკის შესრულების შანსი სწორედ მედვედევს ჰქონდა, მაგრამ „მატადორმა“ საფრთხე მოიგერია, რის შემდეგაც სათამაშო უპირატესობას დაეუფლა და შეხვედრა სათავისოდ დაასრულა - 7:5; 6:4; 3:6; 5:7; 6:4.

შედეგად, რაფამ ბოლო 3 სეზონში ამერიკის ღია პირველობა მეორედ მოიგო, მთლიანობაში კი ამ ტურნირის გამარჯვებული მეოთხედ გახდა, რაც ჯიმი კონორსის, პიტ სამპრასისა და როჯერ ფედერერის მაჩვენებელზე 1-ით ნაკლებია. ასევე, ჯამში მოგებული დიდი სლემის ტურნირებით, ნადალი ყველა დროის რეკორდსმენ იმავე ფედერერს უკვე მხოლოდ 1 ტიტულით ჩამორჩება.

ნადალმა აღნიშნული წარმატებისთვის 3 850 000 ამერიკული დოლარი და 2000 სარეიტინგო ქულა მიიღო, რითაც მან მსოფლიოს პირველ ჩოგან და ტურნირის ექს-ჩემპიონ ნოვაკ ჯოკოვიჩთან ATP-ს კლასიფიკაციაში ჩამორჩენა 640 ქულამდე შეამცირა.

რაც შეეხება დანილ მედვედევს, იგი ამ კვირიდან კარიერის სარეკორდო მაჩვენებელს დააფიქსირებს და მსოფლიოს მე-4 ჩოგანი გახდება.

23 წლის რუსს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი, 50 მატჩში აქვს მოგებული. იგი შეიძლებოდა 2005 წლის შემდეგ პირველი რუსი გამხდარიყო, რომელიც დიდი სლემის ტიტულს მოიგებდა - მაშინ ეს მარატ საფინმა ავსტრალიის ღია პირველობაზე გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები