ვან დეიკი ''ენფილდზე'' რჩება: ახალი კონტრაქტი გაუმჯობესებული პირობებით
Aa
Aa

ვან დეიკი ''ენფილდზე'' რჩება: ახალი კონტრაქტი გაუმჯობესებული პირობებით

''ლივერპულის'' ცენტრალური მცველი ვირჯილ ვან დეიკი მერსისაიდულ კლუბს ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა. მხარეებს შორის მოლაპარაკება მოქმედი კონტრაქტის პირობების გაუმჯობესების შესახებ გასულ ზაფხულში მიმდინარეობდა. Mirror-ი ჰოლანდიურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მხარეებმა ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის მფლობელისთვის გასული სეზონი ფანტასტიკური გამოვიდა. მან შესანიშნავი მატჩები ჩაატარა და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისთვის ბრძოლაში სუპერვარსკვლავებს აჯობა. უმაღლეს დონეზე ჩატარებული სეზონის შემდეგ ჰოლანდიელმა კლუბს უერთგულა და ''ლივერპულის'' გაუმჯობესებული პირობები მისთვის მისაღები აღმოჩნდა.

ახალი კონტრაქტის მიხედვით ვან დეიკის ყოველკვირეული ხელფასი 125 000 ფუნტი სტერლინგიდან 200 000 ფუნტ სტერლინგამდე გაიზრდება. ხელფასის გარდა საბონუსე სისტემის მიხედვით ვან დიკი შემოსავალს ჩატარებული მატჩების რაოდენობითა და გოლის გაშვების გარეშე დასრულებული შეხვედრებიდან გამომდინარეც მიიღებს.

ახალი კონტრაქტის მიხედვით ჰოლანდიელი ფეხბურთელი ''ლივერპულის'' ღირსებას 2025 წლამდე დაიცავს.

28 წლის მცველის პროფესიული კარიერა ''გრონინგენში'' 2011 წელს დაიწყო. 2013 წელს ვან დეიკი გლაზგოს ''სელტიკში'' გადავიდა და შოტლანდიის ჩემპიონის ტიტული ორჯერ მოიპოვა.

2015-18 წლებში ვან დეიკი ''საუთჰემპტონის'' შემადგენლობაში გამოდიოდა. 2018 წლიდან ''ლივერპულის'' მაისურით ასპარეზობს და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა ორჯერ მოახერხა. კლოპის გუნდი 2018 წელს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში მადრიდის ''რეალთან'' დამარცხდა. ''ლივერპულმა'' გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში ლონდონის ''ტოტენჰემთან'' გამარჯვება მოიპოვა.

ვან დეიკი 2018 წლის იანვარში ''საუთჰემპტონიდან'' ''ლივერპულში'' 75 მილიონ ფუნტ სტერლინგად გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები