Aa
Aa

US OPEN-ზე ყველა ნახევარფინალისტი გამოვლინდა!

რაფაელ ნადალმა ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გააღწია. „მატადორმა“ არგენტინელ დიეგო შვარცმანს 2 საათსა და 48 წუთში - 6:4; 7:5; 6:2 მოუგო.

ნადალმა პირველი ორი სეტი ორბრეიკიანი უპირატესობით დაიწყო, თუმცა შემდეგ საქმე გაირთულა და პარტიების მოსაგებად შედარებით მეტი ძალისხმევა დასჭირდა. საერთო ჯამში, ლეგენდარულმა ესპანელმა მორიგი სოლიდური თამაში ჩაატარა და US OPEN-ის ნახევარფინალში მერვედ ითამაშებს.

გაცილებით დაძაბული და საინტერესო გამოდგა მეორე მეოთხედფინალური მატჩი, რომელშიც იტალიელი მატეო ბერეტინი ფრანგ გაელ მონფილსს ხვდებოდა. გარდამავალი უპირატესობით წარმართული პირველი ოთხი სეტის შემდეგ გადამწყვეტი პარტია დაინიშნა, რომელიც დრამატული გამოდგა.

ბერეტინი მატჩზე აწვდიდა, თუმცა შანსი ხელიდან გაუშვა და ტაიბრეიკზე მოვლენათა რამდენჯერმე შეცვლის მიუხედავად, გამარჯვება მაინც მას დარჩა - 3:6; 6:3; 6:2; 3:6; 7:6. ღია ერაში ბერეტინი მე-4 იტალიელი მამაკაცია, რომელმაც დიდი სლემის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

შედეგად, ფინალში გასასვლელად ნადალი ბერეტინის წინააღმდეგ ითამაშებს, ხოლო მეორე მხარეს გრეგ დიმიტროვი და დანიილ მედვედებს დაუპირისპირდებიან.

ქალთა თანრიგში დღის პირველი მატჩი ბავშვობის მეგობრებ ბელინდა ბენჩიჩსა და დონა ვეკიჩს შორის გაიმართა. მიმდინარე წლის როლან გაროსზე განცდილი მარცხის შემდეგ გამარჯვება უკვე ბენჩიჩს დარჩა, რომელმაც პირველი სეტი მძიმე ბრძოლაში მოიგო, მეორეში კი პრობლემა აღარ ჰქონია - 7:6; 6:3. US OPEN-ზე შვეიცარიას ერთადერთი წარმომადგენელი შემორჩა, რომელიც არა ფედერერი ან ვავრინკა, არამედ სწორედ 22 წლის ბენჩიჩია. იგი დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალში პირველად გავიდა.

3-სეტიანი გამოდგა დასკვნითი მეოთხედფინალური შეხვედრა, რომელშიც ბიანკა ანდრეესკუმ ელიზ მერტენსს 3:6; 6:2; 6:3 აჯობა. კანადელმა დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალის საგზური კარიერაში პირველად მოიპოვა. ამასთანავე, 2009 წლის შემდეგ იგი პირველი თინეიჯერია, რომელმაც ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში გასვლა შეძლო.

იქ მისი მეტოქე სწორედ ბენჩიჩი იქნება, მეორე ნახევარფინალში კი სერენა უილიამსი ელინა სვიტოლინას შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები