Aa
Aa

US OPEN-ის პირველი ჩოგნისა და მოქმედი ჩემპიონის გარეშე!

ამერიკის ღია პირველობა ნელ-ნელა დასკვნით ფაზაში შედის და გუშინ ტურნირის მერვედფინალური მატჩების პირველი ნაწილი გაიმართა. US OPEN-ი მსოფლიოს პირველი ჩოგნის გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც ნოვაკ ჯოკოვიჩს სერიოზული პრობლემები სტენ ვავრინკამ შეუქმნა.

სერბ ვარსკვლავს რამდენიმე დღეა მხარი აწუხებს, რის გამოც მან ვავრინკას წინააღმდეგ საწყისი ორი სეტი წააგო, მესამე პარტიაში კი თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. შედეგად, მას მსოფლიო რეიტინგში 1820 ქულა დააკლდება, ხოლო ვავრინკა მეოთხედფინალში დანილ მედვედევის წინააღმდეგ ითამაშებს.

ბრწყინვალე სტილში იმარჯვა როჯერ ფედერერმა, რომელმაც ბელგიელ დავიდ გოფენს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო და 6:2; 6:2; 6:0 გაანადგურა. ასეთი დამაჯერებელი გამარჯვების მიუხედავად, ფედერერი საკუთარ მოწოდებაზე სტაბილურად მაინც ვერ გამოიყურებოდა, მან მეტოქეს 7 ბრეიკ-პოინტი მისცა, რომლიდანაც გოფენმა 2 გამოიყენა კიდეც.

ასევე 3 სეტში მოიგო გრიგორ დიმიტროვმაც, რომელმაც ნიჭიერ ავსტრალიელ ალექს დე მინაურს 7:5; 6:3; 6:4 აჯობა. დიმიტროვმა ამ დრომდე მხოლოდ 1 სეტი წააგო, თუმცა მას, ბორნა ჩორიჩის უარის გამო, 1 შეხვედრით ნაკლების ჩატარება მოუწია. გრეგი მეოთხედფინალში როჯერ ფედერერზე გავიდა.

ქალთა შორის დღის მთავარი მატჩი ჯოანა კონტამ და კაროლინა პლიშკოვამ შემოგვთავაზეს. 2 საათსა და 24 წუთს გაგრძელებული ძალიან საინტერესო და დაძაბული შეხვედრა კონტას გამარჯვებით დასრულდა - 6:7; 6:3; 7:5.

მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა მსოფლიოს მე-2 ნომერ ეშლი ბარტისა და ჩინელი ვან სიანის თამაშში. აზიელმა ბარტი ყველა საჩოგბურთო ასპექტში დაჯაბნა და 6:2; 6:4 მოუგო.

დამაჯერებლად გაიარა პეტრა მარტიჩის ბარიერი სერენა უილიამსმა, რომელმაც ხორვატ მოწინააღმდეგეს პირველი სეტი დაძაბულ ბრძოლაში მოუგო, მეორე პარტიაში კი საკუთარი წარმატება ეჭვქვეშ აღარ დაუყენებია - 6:3; 6:4.

კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მატჩი რეიტინგის ათეულის ორ წარმომადგენელს - ელინა სვიტოლინასა და მედისონ კიზს შორის შედგა. პირველი სეტი თანაბარ ორთაბრძოლაში, ბრეიკ-პოინტის გარეშე მიდიოდა, თუმცა მე-11 გეიმში სვიტოლინამ მეტოქის მოწოდება აიღო და სეტზეც წარმატებით ჩააწოდა. მეორე სეტის ბედიც ერთადერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელიც მე-3 გეიმში ისევ უკრაინელმა მიითვალა და თამაში 2 სეტში დაასრულა - 7:5; 6:4.

შედეგად, ქალთა პირველ ორ მეოთხედფინალში ასეთი წყვილები მივიღეთ: სერენა უილიამსი ვან სიანს უნდა შეხვდეს, ჯოანა კონტას მეტოქე კი ელინა სვიტოლინა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები