Aa
Aa

ტებასი: "ლა ლიგისთვის მესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნეიმარი და რონალდუ"

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა ხმამაღალი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ესპანეთის ჩემპიონატისთვის ლიონელ მესი უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ვიდრე ნეიმარი და კრიშტიანუ რონალდუ. თუმცა იქვე დასძინა, რომ „ნეის“ „კამპ ნოუზე“ დაბრუნების მომხრეა.

„პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკლავი ესპანეთში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. ნეიმარის საკუთარ რიგებში ხილვით დიდი ხანია „რეალი“ და „ბარსელონა“ ინტერესდებიან და საფეხბურთო სამყაროს ერთი სული აქვს ბრაზილიელის საპნის ოპერა როდის დასრულდება.

ტებასისთვის მნიშვნელობა არ აქვს „ნეი“ რომელ გუნდში იასპარეზებს და თვლის, რომ ლა ლიგის პოპულარიზაციაზე მას ისეთივე გავლენა ვერ იქნება, როგორც ლიონელ მესის.

„რა თქმა უნდა ნეიმარის დაბრუნების მომხრე ვარ. დღესდღეობით იგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულში შედის. მისი ტრანსფერი ლა ლიგისთვის მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა გადამწყვეტი - არა“.

„გადამწყვეტი ისაა, რომ 10 თვის განმავლობაში 20 კლუბი ერთმანეთს ეთამაშება და ყოველ უქმეებზე ესპანეთში და მთელი მსოფლიოს მასშტაბით მცხოვრებ გულშემატკივარს სიხარულს ანიჭებს“.

„ნეიმარის მსგავსი ფეხბურთელის ტრანსფერი ლა ლიგის აუდიტორიას გაზრდის, რადგან მიიზიდავს მაყურებელს, რომელსაც ბრაზილიელის თამაშის ხილვა სიამოვნებს. თუმცა ნეიმარი, ისევე როგორც კრიშტიანუ რონალდუ აუცილებელი ელემენტი არ გახლავთ. აუცილებელი ელემენტი ლიონელ მესია, რომელიც ლა ლიგის მემკვიდრეობაა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები