Aa
Aa

მებრძოლი ხასიათი, "ქამბექი" და უმძიმესი გამარჯვება US OPEN-ის სადებიუტო მატჩში!

მარიამ ბოლქვაძემ დიდი სლემის ტურნირების ძირითად ბადეში პირველი მატჩი ჩაატარა და ამერიკის ღია პირველობის საწყის რაუნდში უმძიმეს ბრძოლაში იმარჯვა.

21 წლის ქართველი ადგილობრივ ბერნარდა პერას დაუპირისპირდა, რომელიც მასზე 3 წლით უფროსია, ხოლო WTA-ს რეიტინგში ბევრად წინ, 65-ე ადგილზე იმყოფება (ბოლქვაძე 202-ეა). ჩოგბურთელები ერთმანეთს პირველად ხვდებოდნენ.

მარიამი თამაშში კარგად შევიდა და 5 ბრეიკ-პოინტის ვერგამოყენების შემდეგ მეტოქის ჩაწოდება მაინც აიღო, უპირატესობის შენარჩუნება კი აღარ გასჭირვებია და პირველი სეტი ისე დახურა, რომ პერასთვის საკუთარ გეიმში შანსი არ მიუცია. მეტიც, 5:3-ზე კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა, რაც პარტიის დასრულებასა და მეორე სეტის ქართველის ჩაწოდებით დაწყებას ნიშნავდა.

მეორე სეტში ჩოგბურთელები თავიანთ გეიმებს 4:3-მდე ინარჩუნებდნენ, რის შემდეგაც ბოლქვაძემ მეტოქის მოწოდებაზე უმძიმესი გეიმი მოიგო და მატჩზე ჩაწოდების უფლება მოიპოვა.

სწორედ ამ დროს, როცა ქართველი მატჩზე აწვდიდა, რუსული Eurosport-ის ლეგენდარულმა კომენტატორმა, ანნა დმიტრიევამ, პლიშკოვა-მარტინცოვას შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟისას ბოლქვაძის კარგი თამაში აღნიშნა და გამოაცხადა, რომ მთელი თამაშის განმავლობაში საკუთარ მოწოდებაზე დამაჯერებლად მოასპარეზე ქართველს გადამწყვეტ მომენტში ჩაწოდებები არ გამოუვიდა, რაც დმიტრიევამ გამოუცდელობას მიაწერა.

78 წლის ანა დმიტრიევას, როგორც ყოველთვის, რეპორტაჟი ამჯერადაც ლეგენდარულ ქართველ ჩოგბურთელ ალექსანდრე მეტრეველთან ერთად მიჰყავდა. მეტრეველი უიმბლდონის 1973 წლის გათამაშების ფინალისტია, ATP-ს 5 ტიტული აქვს მოგებული და 1974 წელს მსოფლიოს მე-9 ჩოგანი გახლდათ.

პერამ აუცილებელი უკუბრეიკი შეასრულა, რასაც თავის გეიმში კარგი თამაშიც მიაყოლა და ანგარიში გაათანაბრა. 5:5-ზე ბოლქვაძის ჩაწოდებაზე ურთულესი ბრძოლა წარიმართა, რომელიც საბოლოოდ პერამ მოიგო, ამის შემდეგ სეტზეც წარმატებით ჩააწოდა და თამაში „დისაიდერში“ გადაიყვანა.

აღსანიშნავია, რომ მე-3 სეტის დაწყებამდე ბოლქვაძემ, რომელიც მთელი შეხვედრის განმავლობაში ფეხზე ორ ადგილას დამაგრებული სახვევით თამაშობდა, სამედიცინო შესვენება აიღო და კორტზე ექიმი გამოიძახა.

გადამწყვეტი სეტის სტარტზე ქართველს ცუდი მონაკვეთი ჰქონდა, მან 40:40-ზე ზედიზედ ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა და მეტოქეს პარტიის ბრეიკით დაწყების საშუალება მისცა, თუმცა მარიამმა თამაში გამოასწორა და უმძიმესი სეტის გადამწყვეტ მომენტებში მასპინძელ მეტოქეზე უკეთესი თამაშით დიდი სლემის ტურნირზე სადებიუტო მატჩი გამარჯვებით დაასრულა - 6:3; 5:7; 6:4.

დმიტრიევა-მეტრეველის ლეგენდარულმა დუეტმა ქართველის მოგება რიხიანად გამოაცხადა და მარიამის მებრძოლ ხასიათს გაუსვა ხაზი. აშკარა გახლდათ, რომ მათი სიმპათიები სწორედ ქართველი ჩოგბურთელისკენ იყო.

ვინც ქართველის თამაში სრულად იხილა, დამეთანხმება, რომ მარიამ ბოლქვაძე მენტალურად, ტექნიკურად და ტაქტიკურად ძალიან ნიჭიერი და მზარდი ჩოგბურთელია. დღეს მან დიდი სლემის ტურნირების ძირითად ბადეში პირველი მატჩი ჩაატარა, ტრავმები გვერდით გადავდოთ და წინ ბევრი დიდი სლემი და ბევრი მნიშვნელოვანი გამარჯვება იქნება.

მარიამი შემდეგ რაუნდში მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს მოთამაშეს და WTA-ს რეიტინგის ამჟამინდელ მე-3 ნომერ ჩეხ კაროლინა პლიშკოვას შეხვდება, რომელმაც თანამემამულე ტერეზა მარტინცოვას 7:6; 7:6 მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები