ბოლქვაძე ძირითად ბადეს უახლოვდება! - ქართველმა US OPEN-ზე კიდევ ერთი მატჩი მოიგო
Aa
Aa

ბოლქვაძე ძირითად ბადეს უახლოვდება! - ქართველმა US OPEN-ზე კიდევ ერთი მატჩი მოიგო

21 წლის ქართველ ჩოგბურთელ მარიამ ბოლქვაძეს ამერიკის ღია პირველობის ძირითად ბადეში გასვლამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. მარიამმა საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრა სამხრეთ კორეელ ნა-ლაე ჰანთან 3-სეტიან რთულ ბრძოლაში მოიგო.

თამაშის პირველი პარტია აზიელის უპირატესობით წარიმართა და მისივე დამაჯერებელი გამარჯვებით 6:2 დასრულდა, რის შემდეგაც ბოლქვაძემ სიტუაცია გამოასწორა და მეორე სეტი ამავე ანგარიშით უკვე თავად მოიგო.

გადამწყვეტ სეტში ჰანი ბრეიკით 2:0 დაწინაურდა, თუმცა ქართველმა მტკიცე ხასიათი გამოვლინა და შეხვედრა 3 სეტში - 2:6; 6:2; 7:5 მოიგო.

მარიამმა 1 ეისი მოაწოდა და 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველ მოწოდებაზე 62-დან 37 (60%), ხოლო მეორეზე 27-დან 8 (30%) ქულა მოიგო. მეტოქის ჩაწოდება 7-ჯერ აიღო, საკუთარი გეიმი კი 6-ჯერ დათმო.

ამრიგად, მარიამ ბოლქვაძე საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდშია, სადაც მისი მეტოქე მსოფლიოს 215-ე ჩოგანი ჩინელი სუ შილინი იქნება. თამაში დღეს, თბილისის დროით დაახლოებით 22 საათისთვისაა დაგეგმილი.

შილინიც 21 წლისაა და მისი საუკეთესო სარეიტინგო მაჩვენებელი WTA-ს კლასიფიკაციის 190-ე საფეხური გახლავთ. ახალგაზრდა ჩინელს ITF-ის 5 ტიტული აქვს მოგებული, WTA-ს ეგიდით კი ჯერჯერობით თავი არაფრით გამოუჩენია. მან საკვალიფიკაციო ეტაპის საწყისი ორი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და ორივე მეტოქეს 5-5 გეიმი დაუთმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები