იყო თუ არა წითელი ბარათი - კოლინას განმარტება ბელინგემის ეპიზოდზე
ფიფას სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელმა, პიერლუიჯი კოლინამ ინგლისისა და განას ნაკრებების მატჩში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა, როცა ჯუდ ბელინგემმა პირზე ხელი აიფარა, თუმცა ახალი წესების თანახმად ასეთი ქმედებისთვის გათვალისწინებულ წითელ ბარათს გადაურჩა.
რას ამბობს კოლინა:
„ფეხბურთელებს კვლავ შეუძლიათ, აიფარონ პირზე ხელი, როცა ისინი უბრალოდ მეგობრებს ესაუბრებიან. ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა მატჩამდე, მისი მიმდინარეობისას ან დასრულების შემდეგ.
შესაბამისად, თუ საქმე მეგობრულ საუბართან გვაქვს, ამაში ცუდი არაფერია. თუმცა, თუ ეს კონფლიქტური სიტუაციაა, პირზე ხელის ან მაისურის აფარება ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთელი ალბათ რაღაც ცუდს ამბობს. ასეთი შემთხვევა წითელი ბარათით ისჯება“.
ცნობისთვის, ინგლისი-განას მატჩში „სამი ლომის“ სუპერვარსკვლავმა, ჯუდ ბელინგემმა ჯორდან აივუსთან საუბრისას პირზე ხელი აიფარა, რაც ახალი წესებით წითელი ბარათით ისჯება. ბელინგემი არ გაუძევებიათ, მაშინ როდესაც მსგავსი ქმედებისთვის თურქეთთან მატჩში პარაგვაელ მიგელ ალმირონს წითელი ბარათი უჩვენეს.
