Aa
Aa

სავიოლა: "რონალდინიო საუკეთესო წლებში ისეთ რაღაცებს აკეთებდა, რაც სხვისთვის შეუძლებელი იყო"

ვეტერანმა არგენტინელმა თავდამსხმელმა, ხავიერ სავიოლამ, „ბარსელონაში“ რონალდინიოსთან ერთად გატარებული პერიოდი გაიხსენა და ბრაზილიელი ფეხბურთელი დაახასიათა.

სავიოლას თქმით, „რონი“ საუკეთესო წლებში მოედანზე ისეთ რაღაცებს აკეთებდა, რისი გაკეთებაც სხვა არცერთ ფეხბურთელს არ შეუძლია.

„როცა ის საუკეთესო ფორმაში იყო, მოედანზე ისეთ რაღაცებს აკეთებდა, რისი გაკეთებაც არცერთ სხვა ფეხბურთელს არ შეუძლია. „რონი“ გასახდელში ნეგატიური გამომეტყველებით არასდროს შემოდიოდა და არანაირი წნეხი არ ეტყობოდა.

ყოველთვის ამბობდა, რომ ფეხბურთით სიამოვნება უნდა მიიღო და მხიარულად ითამაშო, რასაც თავად ახერხებდა კიდეც“.

37 წლის სავიოლამ მისი ყოფილი მწვრთნელის, ლუი ვან გაალის, შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი სამწვრთნელო დავალებების აღქმა საკმაოდ რთული იყო.

„როცა იგი დავალებებს გვაძლევდა, მათი აღქმა საკმაოდ რთული იყო. ძალიან რთული ხასიათი ჰქონდა და ფეხბურთელებს თავისუფლად თამაშის საშუალებას არ აძლევდა. მასსა და რიკელმეს შორის პრობლემები არსებობდა და, ზოგადად, ვან გაალი ყველა ადამიანისთვის რთული პიროვნება იყო“.

სავიოლა რონალდინიოსთან ერთად „ბარსაში“ 2003-2007 წლებში თამაშობდა, ვან გაალთან მუშაობა კი დაახლოებით 1 წლის განმავლობაში მოუწია. არგენტინელი ფეხბურთელი ამჟამად ფუტსალს თამაშობს და ანდორული კლუბის, „ენკამპის“, ღირსებას იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები