Aa
Aa

ესპირიტო სანტო: "VAR-მა ნევეშის გოლის ემოციას ხიბლი დაუკარგა"

„მანჩესტერ იუნაიტედთან“ გუშინდელი მატჩის შემდეგ „ვულვზის“ თავკაცმა, ნუნო ესპირიტო სანტომ, პრესასთან ისაუბრა და VAR-ის ერთ-ერთ უარყოფით მხარეზე გააკეთა აქცენტი.

პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, რუბენ ნევეშის ულამაზესი გოლის ემოციასა და სიხარულს ვიდეო რეფერის ჩართვამ ხიბლი დაუკარგა.

საბოლოოდ, ნევეშის გოლმა მასპინძლებს ქულა მოუტანა, არადა, იყო შანსი, ასე არ მომხდარიყო - პოლ პოგბამ 1:1-ზე პენალტი ვერ გამოიყენა.

„როცა გოლს ზეიმობ და ასეთი სასიამოვნო მომენტია, უცებ გაჩერება და ნერვების დაძაბვა არ უნდა გიწევდეს. ვიდეო რეფერის დროს სიჩუმის ჩამოვარდნა და გულშემატკივრისთვის ამ სიხარულის წართმევა არ შეიძლება, რადგან ეს ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია.

აუცილებელი მოლოდინი არ მქონდა, რომ ნევეში გაიტანდა, ამას უბრალოდ ვიმედოვნებდი. ის ფანტასტიკური ფეხბურთელია და დარტყმის ბრწყინვალე ტექნიკას ფლობს, რაც აქამდეც არაერთხელ დაუმტკიცებია.

ვამაყობ, როგორი ფეხბურთიც ვითამაშეთ და, ვფიქრობ, გულშემატკივარსაც სასიამოვნო, ემოციებით დატვირთული თამაში ვაჩუქეთ. მინდა, ჩვენს ფანებს მხარდაჭერისათვის მადლობა გადავუხადო, მათ სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო შექმნეს“.

„ვულვზს“ ორი ტურის შემდეგ ამდენივე ქულა აქვს, გუნდი პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში „ბარნლის“ უმასპინძლებს. თუმცა, იქამდე, ხუთშაბათს, „მგლებს“ უმნიშვნელოვანესი შეხვედრის ჩატარება მოუწევთ, ისინი ევროპა ლიგის ფლეი-ოფის პირველ მატჩში „ტორინოს“ სტუმრად დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები