AS -
Aa
Aa
18 აგვისტო 2019  |  19:56

AS - "რეალი" დაწინაურდა, "სამეფო კლუბი" ნეიმარის ტრანსფერთან ახლოსაა

გავლენიანი ესპანური გამოცემა, AS გვაუწყებს, რომ ნეიმარის სატრანსფერო საგა შესაძლოა უახლოეს პერიოდში დასრულდეს. როგორც ირკვევა მადრიდის "რეალმა" შექმნილი სიტუაციით ისარგებლა და ახლა ბრაზილიელი ფეხბურთელის გადაბირების ფავორიტი სწორედ "ლოს ბლანკოსია".

საქმე ის გახლავთ, რომ "ბარსელონას" შეთავაზებები "პარი სენ-ჟერმენისთვის" მისაღები არ აღმოჩნდა და პსჟ-ს ხელმძღვანელები დარწმუნდნენ, რომ "სამეფო კლუბს" უფრო დიდი რესურსი აქვს. თანაც "ბლაუგრანამ" კოუტინიო "ბაიერნში" გაუშვა. AS-ის ცნობით შესაძლოა ყველაფერი მომდევნო დღეებში დასრულდეს და ფლორენტინო პერესმა კიდევ ერთი მეგა-ტრანსფერი გაჩარხოს.

ესპანური გამოცემა იტყობინება,  რომ კლუბებს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება და გამორიცხული არაა "სანტიაგო ბერნაბეუს" ბინადრებმა სულ მალე საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდონ.

"სელტასთან" მოპოვებული გამარჯვების მიუხედავად, "რეალის" მესვეურებს სჯერათ, რომ გუნდის გაძლიერება აუცილებელია. რაც შეეხება უშუალოდ ტრანსფერს, "ბლანკოსი" პსჟ-ს გარკვეულ თანხასთან ერთად ფეხბურთელებს შესთავაზებს.

ფრანგებს ვინისიუსი სურთ და რაფაელ ვარანის გაფორმებაზეც თანახმა არიან. აღნიშნული დუეტის გარდა ესპანურ პრესაში ხამეს როდრიგესსა და კეილორ ნავასზეც წერენ. აღსანიშნავია, რომ "რეალს" ვინისიუსის გასხვისება არ უნდა და ზიდანმა კოლუმბიელ ფეხბურთელთან მიმართებითაც შეცვალა დამოკიდებულება, თუმცა როცა ფლორენტინო პერესზე მიდის საუბარი, გამორიცხული ნამდვილად არაფერი გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები