ნეგრეირას საქმე | უეფას განცხადება და ბარსელონას პასუხი
უეფამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელიც ე.წ. „ნეგრეირას საქმეს“ უკავშირდება. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ დაადასტურა, რომ „რეალისგან“ დოკუმენტები მიიღო, რომელთა შეფასებაც მოხდება.
„უეფა ადასტურებს, რომ მადრიდის „რეალისგან“ მიიღო დიდი რაოდენობის დოკუმენტები, რომლებიც „ბარსელონას“ წინააღმდეგ ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა ტექნიკური კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირას საქმეზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება. ეს დოკუმენტები ეთიკისა და დისციპლინარული დეპარტამენტის ინსპექტორებმაც მიიღეს და მიმდინარე მოკვლევის ფარგლებში შეაფასებენ“, — ნათქვამია უეფას განცხადებაში.
მალევე „ბარსელონას“ საპასუხო განცხადება გავრცელდა:
„უეფას „ბარსელონას“ წინააღმდეგ ახალი დისციპლინარული სამართალწარმოება არ დაუწყია. პროცედურები ჯერ კიდევ 2023 წელს, ორი გამომძიებლის დანიშვნით დაიწყო, რომლებმაც მას შემდეგ ყველა ის მოქმედება ჩაატარეს, რაც საჭიროდ ჩათვალეს. კლუბი ყოველთვის ასრულებდა მათ ყველა მოთხოვნას. ეს სამართალწარმოება ახლიდან არ დაწყებულა, რადგან იგი არასდროს დახურულა.
უეფას განცხადება ადასტურებს „რეალის“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის მიღებას და იმას, რომ გამომძიებლები მას არსებული გამოძიების ფარგლებში შეაფასებენ. განცხადებაში ორჯერ არის პირდაპირ ნახსენები მიმდინარე გამოძიება და განხილვა. შესაბამისად, იგი არ იუწყება საქმის გახსნას, ხელახლა გახსნას ან რეაქტივაციას, და არც წარდგენილი დოკუმენტაციის არსებით მხარესა თუ ღირებულებაზე შეიცავს რაიმე განაცხადს.
გამომძიებლების გადასაწყვეტია, რა მოქმედებებს ჩათვლიან მიზანშეწონილად ამ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით. დღეის მდგომარეობით, მათ „ბარსელონასთვის“ არანაირი ახალი მოთხოვნა არ წაუყენებიათ და კლუბისთვის არც „რეალის“ საჩივარი გადაგზავნილა. როდესაც ამას გააკეთებენ, კლუბი შესაბამის პასუხს გასცემს, როგორც ეს აქამდე გაუკეთებია“.
რა არის „ნეგრეირას საქმე“
2023 წელს „ბარსელონასა“ და მის ხელმძღვანელობას ბრალდება წაუყენეს ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციის (RFEF) მსაჯთა ტექნიკური კომიტეტის (CTA) ყოფილი ვიცე-პრეზიდენტისთვის, ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირასთვის თანხის გადახდის გამო. პროკურატურა ეჭვობდა, რომ 2001 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში „ბარსელონას“ მიერ გადახდილი 7.3 მილიონი ევრო მსაჯების გადაწყვეტილებებზე ზემოქმედებას ემსახურებოდა. თუმცა, ხანგრძლივი გამოძიების შედეგად, სასამართლომ კატალონიელთა საქმიანობაში ქრთამის აღებისა თუ მატჩების შედეგებზე გავლენის მოხდენის კანონდარღვევის ნიშნები ვერ აღმოაჩინა.