Aa
Aa

"ბარსელონამ“ ნეიმარს ულტიმატუმი წაუყენა

გავლენიანი კატალონიური გამოცემა, Sport ნეიმარის საპნის ოპერასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და იუწყება, რომ „ბარსელონამ“ რადიკალურ ქმედებებზე გადავიდა.

პსჟ-სთან გამართული ბოლო მოლაპარაკების შემდეგ, „კამპ ნოუზე“ დარწმუნდნენ, რომ „ნეის“ ტრანსფერს იქამდე ვერ გაჩარხავენ, სანამ მას სხვა კლუბში გადასვლის შანსი ექნება. აქედან გამომდინარე „ბლაუგრანას“ მესვეურები ფეხბურთელის წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ მათ შეთავაზებებს ბლოკავს და თუ ნეიმარს კატალონიაში დაბრუნება ნამდვილად სურს, ხმა უნდა აიმაღლოს და საჯაროდ განაცხადოს, რომ მხოლოდ „ბარსელონაში“ უნდა თამაში.

Sport-ის ცნობით „პარი სენ-ჟერმენი“ 27 წლის სუპერვარსკლავის სანაცვლოდ კოუტინიოს, სემედუს, კიდევ ერთ ფეხბურთელს და 100 მილიონ ევროს ითხოვს. ბუნებრივია "ბარსელონა" უარზეა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ პსჟ-ს ხელმძღვანელები პარალელურად "რეალს" ელაპარაკებიან და "ბარსასთან" საუბრისას აცხადებენ, რომ "სამეფო კლუბისგან" უკეთესი შეთავაზება აქვთ.

კატალონიელები მზად არიან კოუტინიოს შეელიონ, მაგრამ სემედუს გასხვისება გამორიცხულია. ფრანგები კი აქცენტს სწორედ ამ უკანასკნელზე აკეთებენ.  „ბარსას“ პოზიცია სავსებით გასაგებია. „ბლაუგრანა“ ნეიმარს ულტიმატუმს უყენებს და კატეგორიულად ითხოვს ფეხბურთელმა საჯაროდ დააფიქსიროს, რომ მხოლოდ „კამპ ნოუზე" სურს თამაში. „ნეის“ რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს და ნამდვილად საინტერესოა გადადგამს თუ არა „ბლაუგრანასკენ“ ნაბიჯს.

მოკლედ „ბარსელონა“ ბეწვის ხიდზე დადის. ერთი შეცდომა და კლუბი სრულ ფიასკოს განიცდის, რაც „რეალის“ წისქვილზე დაასხამს წყალს და „ბლანკოსს“ ხელ-ფეხს გაუხსნის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები