ბარსელონამ 100-მილიონიანი შეთავაზება გააკეთა | ალვარესი გუნდიდან წასვლას ითხოვს
ფაბრიციო რომანოს ცნობით, ბარსელონამ მადრიდის ატლეტიკოს ხულიან ალვარესის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალურად მიმართა. კატალონიური კლუბი მზადაა, არგენტინელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადოს. არანაირი ბონუსები, არანაირი სხვა ფეხბურთელების ჩართვა გარიგებაში. „როხი ბლანკო'' ბოლო 24 საათის განმავლობაში შექმნილი სიტუაციით უკმაყოფილოა, თუმცა ხულიანმა გუნდიდან წასვლა უკვე ითხოვა.
26 წლის ხულიან ალვარესი, რომელმაც კარიერა რივერ პლეიტში დაიწყო, 2022-24 წლებში მან. სიტის ღირსებას იცავდა. 2024 წლის ზაფხულში 85 მილიონი ევროს სანაცვლოდ მანჩესტერული კლუბიდან ატლეტიკოში გადავიდა. მადრიდულ კლუბში 106 მატჩი ჩაატარა, 49 გოლი შეაგდო, 17 საგოლე პასი შეასრულა.
ალვარესს, რომელსაც Transfermarkt-ი 90 მილიონ ევროდ აფასებს, ატლეტიკოსთან კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, თუმცა არსებული ვითარებიდან გამომდინარე კლუბს მისი შენარჩუნება გაუჭირდება.
დღეს დადასტურებული ინფორმაციით, ლიონელ სკალონიმ ხულიან ალვარესი სამუნდიალო განაცხადში შეიყვანა (იხილეთ).