ბარსელონა, ბერნარდუ სილვა
Aa
Aa

დაბრკოლებები და პირობები - რა შემთხვევაში გადავა ბერნარდუ ბარსელონაში

ბოლო პერიოდის განმავლობაში ბარსელონა ტრანსფერების კუთხით გააქტიურდა. ესპანური მედია კატალონიურ გრანდს ბერნარდუ სილვას უკავშირებს.

MundoDeportivo ამ საკითხთან დაკავშირებით, უახლეს ცნობებს ავრცელებს:

„ბერნარდუ სილვა აქტიურად ცდილობს თავისი დიდი ოცნების ასრულებას, რაც ბარსელონას გადასვლას ნიშნავს. 31 წლის პორტუგალიელს მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტი დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტი გახდა.

ბარსელონაში მისი კანდიდატურა დადებითად არის შეფასებული. თუმცა კლუბში ამ ეტაპზე სხვა პრიორიტეტები არსებობს, განსაკუთრებით თავდამსხმელის დამატება.

მთავარი დაბრკოლება ფლიკის საბოლოო გადაწყვეტილებაა. გერმანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ გუნდში განსაკუთრებით ნახევარდაცვისა და შემტევი ნახევარდაცვის ზონებში უკვე ზედმეტად ბევრი ფეხბურთელია.

სილვას უპირატესობა ისაა, რომ მას შეუძლია ითამაშოს არა მხოლოდ „ათიანის“ პოზიციაზე, არამედ ცრუ ვინგერისა და მეორე ფორვარდის როლშიც.

მისი ტრანსფერის შანსებს ასევე გაზრდიდა რამდენიმე ფეხბურთელის შესაძლო წასვლა. საუბარი რუნი ბარდაღჩიზე, რაშფორდზე და ფერან ტორესზეა.

დამატებითი ფაქტორია ისიც, რომ სილვასა და კასადოს ერთი აგენტი ჰყავთ — ჟორჟე მენდეში. კასადოს უკვე რამდენიმე შეთავაზება აქვს და მისი შესაძლო წასვლა ბერნარდუსთვის სივრცეს გაათავისუფლებდა.

თავად ფეხბურთელს ტრანსფერის რაც შეიძლება მალე დასრულება სურს, სასურველია მსოფლიო ჩემპიონატამდე, რადგან კლუბის გარეშე დარჩენა ტრავმისა და ფორმის დაკარგვის რისკს ზრდის.

საბოლოო სიტყვა ახლა ფლიკზეა — გადაწყვეტს თუ არა გერმანელი სპეციალისტი, რომ ბერნარდუ სილვა მისი ახალი პროექტის ნაწილი გახდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები