მამაგეიშვილის ახალი კლუბი - იჯარით ვოლფსბერგერში
ავსტრიის ბუნდესლიგაში ქართველი ფეხბურთელების რაოდენობა სამამდე გაიზარდა. ოთარ კიტეიშვილისა და გიზო მამაგეიშვილის შემდეგ, რომლებიც „შტურმის“ ღირსებას იცავენ, ამ ქვეყნის ჩემპიონატში კარიერას გიზოს ტყუპისცალი ოთარ მამაგეიშვილი განაგრძობს.
23 წლის ნახევარმცველი გასულ სეზონში პორტუგალიის „ფამალიკაუს“ ღირსებას იცავდა და სათამაშო პრაქტიკა საერთოდ არ ჰქონია, რის გამოც მხარეებმა შექმნილი რთული სიტუაციიდან გამოსავალი იპოვეს და მამაგეიშვილი „ვოლფსბერგერში“ ერთწლიანი იჯარით გადავიდა, რომლის დასრულების შემდეგაც ავსტრიელებს მისი ტრანსფერის გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნებათ. ამ კლუბისთვის ქართველი ფეხბურთელები უცხო ნამდვილად არ არიან, რადგან რამდენიმე წლის წინ აქ გურამ გიორბელიძე და ლუკა ლოჩოშვილი ასპარეზობდნენ.
შეგახსენებთ, რომ „ფამალიკაუში“ გადასვლამდე ოთარ მამაგეიშვილი „იბერიას“ ღირსებას იცავდა და ყველა ტურნირზე გამართულ 108 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.